ოქტომბერი პოლონეთის ეროვნული ბანკის მიწვევით (თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი) ვარშავაში გავატარე (დიდი მადლობა პირადად ბატონ ლეშეკსა და პოლონეთის ბანკის თანამშრომლებს ჩვენი მიწვევისათვის).
ცხადია, ბატონ პროფესორს შევეკითხეთ, თუ რატომ აღარ ჩამოსულა იგი საქართველოში ასე დიდი ხნის მანძილზე. ამაზე მასპინძელმა დაუფარავად გვიპასუხა, რომ თქვენთან ჩემს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და ასეთ პირობებში რა ფასი აქვს ჩემს ჩამოსვლასო.
ვარშავაში ყოფნისას დამიგროვდა გარკვეული შთაბეჭდილებები, რომელთა გაცნობაც, ვფიქრობ, დააინტერესებს მკითხველს.
ამჟამად პოლონეთის საზოგადოების წინაშე რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, რომელთა გადაჭრაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ამ ქვეყნის აწყმო და მომავალი. ერთ-ერთია ქვეყნის გაწევრიანება ჯერ ევროკავშირში (მოსალოდნელია 2004 წლის დასაწყისში), ხოლო შემდეგ ევროსავალუტო ზონაში (2006 წელს).
ძნელი სათქმელია, თითქოს ევროკავშირში შესვლა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის საოცნებო იყოს. უფრო მეტიც, როგორც ამ ქვეყანაში, ისე ევროკავშირის სახელმწიფოებში პოლონეთის გაწევრიანების თაობაზე ბევრს კამათობენ. ეს გასაგებიც არის. ამჟამად პოლონეთს აწუხებს ისეთი პრობლემები, რომლებიც სიმძიმით გადაწონის დანარჩენ პრეტენდენტ ქვეყნებში არსებულ სირთულეებს. განსაკუთრებით დიდ ხარჯებს მოითხოვს ამ ქვეყნის ზოგიერთი დარგის მოსალოდნელი რესტრუქტურიზაცია. ასეთი დარგებია, უპირველეს ყოვლისა, მეტალურგია, ქვანახშირის მოპოვება და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა. ამ უკანასკნელ დარგში პოლონეთში დასაქმებულია იმდენი ადამიანი, რამდენიც ყველა ზემოთ აღნიშნულ პრეტენდენტ ქვეყნების სოფლის მეურნეობაში ერთად აღებული.
ამასთან, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აწუხებთ ის გარემოებაც, რომ პოლონეთის ეროვნული მეურნეობის ზოგიერთი დარგის რეკონსტრუქციისათვის საჭირო იქნება დიდი მოცულობის ფინანსური სახსრები, პოლონელ ოპოზიციონერთა აზრით, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება საშუალებას არ მისცემს თუნდაც ამ დარგს გაუძლოს კონკურენციას კავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის დარგების მხრიდან. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს „სამოობორონა“ და „პარტია პოლსკიხ როძინ“ (პოლონური ოჯახების ინტერესების დაცვის პარტია). ამ პარტიების ლიდერებმა წერილობით მიმართეს ევროკავშირის ქვეყნებს, რათა რეფერენდუმზე მხარი არ დაეჭირათ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. უკვე ამჟამად ადგილობრივ ბაზარზეც კი ზოგიერთი პოლონური პროდუქცია ვერ უძლებს კონკურენციას დასავლური პროდუქციის მხრიდან და რეალიზაციის გარეშე რჩება. ასეთი პროდუქტებია თუნდაც ხორბალი, შაქარი, ხორცი და სხვ. პოლონელებს განსაკუთრებით ის გარემოება აწუხებთ, რომ ევროკავშირში მათი ქვეყნის შესვლის შემდეგ ისინი ვეღარ დაიცავენ მიწასაც, რომელსაც ხელში ჩაიგდებენ ევროპელები. ამ მხრივ განსაკუთრებით თავიანთი ძველი მტერ-მოყვარის, გერმანელების ეშინიათ და ამის გამოა, რომ ევროკრიტიკოსთა დემონსტრაციებზე ძალზე ხშირად ნახავთ მოთხოვნას პოლონური მიწების გაყიდვის წინააღმდეგ.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი მართლაც არ არის ყველაფრის პანაცეა. ამის დამადასტურებლად გამოდგება თუნდაც საბერძნეთისა და ესპანეთის მაგალითი. კერძოდ, თუ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ეკონომიკური ზრდა ესპანეთში მთავრობის გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ესპანელთა რაციონალიზმის შედეგად კიდევ უფრო დაჩქარდა, საბერძნეთში პირიქით, ზრდის ნაცვლად მკვეთრად იკლო. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მაგალითად უნდა დასახელდეს ის, რომ კავშირში შესვლის შემდეგ ბერძნები ფულს უფრო მოხმარების საგნებში (ტელევიზორები, ავტომანქანები, მაცივრები და ა.შ.). აბანდებდნენ, ვიდრე ახალ ტექნოლოგიებში. შედეგმაც არ დააყოვნა და ქვეყანაში იკლო წარმოების ტემპებმა. ყოველივე ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს ჩვენც, ქართველებს, რადგან ალბათ შორს აღარ არის ის დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანაც ამ კავშირის წევრი გახდება.
ევროკავშირის თემას შევეხეთ, და ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ევროსკეპტიკოსების განცხადებით, ევროკავშირი ეს არის, არც მეტი და არც ნაკლები, ევროპის სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი (აქ, როგორც ჩანს, ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ამჟამად ევროკავშირის 15 ქვეყნიდან 13-ში სახელისუფლებო პარტიას მემარცხენე პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ).
ევროსკეპტიკოსები ევროკავშირს ადარებენ ასევე მესამე რეიხს და აცხადებენ, რომ დროშაზე ვარსკვლავების ნაცვლად სვასტიკა უნდა იყოს გამოსახულიო.
ევროსკეპტიკოსები თავად ტერმინ „ევროპელსაც“ დამცინავ ჟღერადობას აძლევენ. მათი აზრით, ევროპელი, ესაა ავტანეზიის, ჰომოსექსუალური ცოლ-ქმრობის (ინტერნეტში შესაბამის ფორუმებზე ნახავთ პოპულარულ ცინიკურ ლოზუნგსაც: „ჟა ტატა, I ტატა წ უნიი ზა დწა ლატა“ ( მე, მამიკო და მამიკო, ევროკავშირში შევალთ ორ წელში) ნარკოტიკების მოხმარების, სექსუალური აღვირახსნილობის, გენეტიკური მანიპულაციების და სხვ. და სხვ. სიმბოლო.
ვნახოთ, როგორ წავა პოლონეთის საქმე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში ამ პრობლემის გადასაჭრელად რეფერენდუმი 2003 წელს, მაისში გაიმართება.
პოლონური საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას იწვევს ქვეყანაში მიმდინარე დაჩქარებული პრივატიზაცია და პრივატიზებული ობიექტების დაბალი ეფექტურობა. ამის შედეგად პოლონური ფაბრიკა-ქარხნები უცხოელ კაპიტალისტთა ხელში აღმოჩნდა (როგორც ცნობილია, სწორედ ამ ქვეყანაში წარმოიშვა ტერმინი „შოკური თერაპია“, რაც დაჩქარებულ პრივატიზაციასაც გულისხმობს. ამ თეორიის ერთ-ერთი ავტორი და მისი ცხოვრებაში განმახორციელებელი იყო იმ ხანად ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი).
ცნობისათვის, უკვე ამჟამად ქვეყნის საბანკო სექტორის 80%-ზე მეტი უცხოელ ინვესტორთა ხელშია; ასევე უცხოელები დაეპატრონენ პოლონეთის სოფლის მეურნეობის ისეთ მნიშვნელოვან დარგსაც, როგორიცაა შაქრის წარმოება (პოლონეთში დიდი რაოდენობით აწარმოებენ შაქრის ჭარხალს. საზოგადოებას აწუხებს ამ ქარხნების ბედი და საერთოდ, ეროვნული მეურნეობის ამ მსხვილი დარგის მომავალი. შაქრის ფასი ხომ მთელ მსოფლიოში იაფდება, მცირდება მისი წარმოების მასშტაბები, იხურება ქარხნები (ამის მაგალითად გამოდგება კუბაც, სადაც მრავალი შაქრის ქარხანა დაიხურა და დიდ-ძალი მოსახლეობა უმუშევარი დარჩა). როგორც ჩანს, დარგის რესტრუქტურიზაციის პროცესებს ვერც პოლონეთი აიცდენს თავიდან, სადაც ასევე მრავალი მუშაკი დაკარგავს სამუშაოს, როგორც შაქრის ჭარხლის წარმოების, ისე მისი გადამუშავების სფეროებში.
პრივატიზაციის სფეროში განხორციელებული პროცესების შედეგად ამ ქვეყანაში ეროვნული პროდუქტის 75%-ზე მეტს კერძო დარგები აწარმოებენ. შედარებისათვის: ანალოგიური მაჩვენებელი ჩეხეთში შეადგენს 80%-ს, უნგრეთში ამდენივეს, რუსეთში - 70-ს, უკრაინაში - 60-ს, ბელორუსში - 20-ს და ა. შ. უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში დაახლოებით პოლონეთის დონეზეა.
რაც შეეხება პოლონეთის მთავრობას, იგი პირიქით, ცდილობს მაქსიმალური ტემპებითა და მასშტაბებით განახორციელოს პრივატიზაცია, რათა შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი და ასევე საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო (ამ ბოლო დროს მან თითქმის 100 მილიარდ ზლოტს, ანუ დაახლოებით 25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნისათვის ძალზე საშიშ მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს). ამას წინათ ამ ქვეყნის პრივატიზაციის მინისტრი (ასე ეძახის ხალხი სახელმწიფო ქონების მინისტრს) წერდა, მე უკანასკნელი პრივატიზაციის მინისტრი ვიქნებიო. იგი გულისხმობდა იმას, რომ მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში, რაც გასაყიდი იყო, გაიყიდებოდა. თუმცა არა მგონია რეალური იყოს მინისტრის ეს განცხადება. საქმე ის არის, რომ ამჟამად მთელ მსოფლიოში შეინიშნება ძალზე დაბალი კონიუნქტურა, რის გამოც აქ რაიმე ღირებულის შესყიდვის მსურველები იშვიათად მოიძებნება.
ისე, არც არის გასაკვირი საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი დეფიციტის ასეთი ზრდა. არც ის არის გამორიცხული, რომ იგი მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენი არ იყოს, იმპორტულ მაღალხარისხოვან საქონელს დახარბებული პოლონელები საკუთარი ფინანსური სახსრებითა თუ სამომხმარებლო კრედიტებით ყველაფერს ყიდულობენ, სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ. ამას წინათ ერთი პოლონელი ექსპერტი შეშფოთებით წერდა, ჩემი თანამემამულეები ყვავილების მიწასაც კი უცხოურს ყიდულობენო...
ჩემი პოლონეთში ყოფნისას საპარლამენტო კრიზისი გამოიწვია ამ ქალაქის ელექტრო-გამანაწილებელი ქსელის „სტოენის“ (დაახლოებით ისეთის, როგორიც ჩვენი „თელასია“) პრივატიზაციამ. ამ ობიექტს ყიდულობენ გერმანელები და ჩანს, საკამოდ კარგ ფასადაც, როგორც ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტებიც წერენ (375მილიონ აშშ დოლარად).
ერთ-ერთ საპარლამენტო სესიაზე, დილით, როდესაც „სტოენის“ გაყიდვის საკითხის განხილვა უნდა დაწყებულიყო, ტრიბუნასთან მივიდა „პარტია პოლსკიხ როძინ“-ის წარმომადგენელი, დეპუტატი გაბრიელ იანკოვსკი და მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროექტი. მან განსაკუთრებით იმას გაუსვა ხაზი, რომ „სტოენის“ და მსგავსი მნიშვნელოვანი ობიექტების გაყიდვით საფრთხე ექმნება ქვეყნის უშიშროებას და პოლონეთი მალე გერმანელ კაპიტალისტებზე დამოკიდებული გახდებაო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, მარეკ ბოროვსკიმ მას მიკროფონი გამოურთო. დეპუტატი მაინც არ ჩამოსულა ტრიბუნიდან და მთელი დღე და ღამე იქ გაატარა. ტელევიზიით გვიჩვენებდნენ, თუ როგორ იჯდა იგი ტრიბუნასთან და როგორ შეექცეოდა მისთვის მირთმეულ სადილსა თუ ვახშამს.
პარლამენტმა სხდომები შეწყვიტა. დილის ოთხი საათისათვის იანოვსკი ძალით გაიყვანეს პოლიციელებმა სხდომათა დარბაზიდან. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა მთელი კვირის მანძილზე არ განახლებულა, რადგან პარლამენტარები ამ ინცენდენტს დამდეგ კვირას ჩასატარებელ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს უკავშირებდნენ (ოქტომბრის ბოლო კვირას პოლონეთში ჩატარდა ქალაქების (მათ შორის, ვარშავის), სავოევოდოების და გმინების მართველობის არჩევნები). იქნებ ეს მართლაც ასე იყო, რადგან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს გაგრძელებულ საპარლამენტო სხდომაზე, რომელიც ასევე „სტოენის“ პრივატიზაციას მიეძღვნა, მსგავს ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.
რადგან საპარლამენტო თემას შევეხეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთს საპარლამენტო მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 1793 წელს აქ ევროპაში პირველად და მსოფლიოში მეორედ (აშშ-ს შემდეგ) მიიღეს კონსტიტუცია. მას „სამი მაისის“ კონსტიტუცია ეწოდა და ეს თარიღი ზეიმით აღინიშნება ამ ქვეყანაში.
პოლონეთისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობა, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო ორ წელს შეიძინა მასშტაბური ხასიათი. უმუშევრობას აქ აქვს როგორც ბუნებრივი (ანუ როდესაც ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს სამუშაო ადგილები), ისე ფრიქციული (როდესაც არ არსებობს გარკვეულ სპეციალობათა მქონე ადამიანების დასაქმების საშუალება), და რეგიონალური (როდესაც ამა თუ იმ რეგიონში მძაფრად იგრძნობა უმუშევრობა, მაშინ, როცა სხვა რეგიონში მოთხოვნილებაა სამუშაო ადგილებზე) უმუშევრობა. ოფიციალური მონაცემებით დღეისათვის პოლონეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 18-19 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გამოყვანილია იმ ადამიანთა მხედველობაში მიუღებლად, რომელთაც მართალია დაკარგეს სამუშაო, მაგრამ აქტიურად არ ეძებენ მას, არ აკითხავენ შრომითი მოწყობისა და დასაქმების დაწესებულებებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უმუშევრობა ქვეყანაში რეალურად გაცილებით მაღალია. არის დარგები და რეგიონები, სადაც უმუშევრობამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ზოგან რეგიონალური და დარგობრივი უმუშევრობა ერთმანეთს ემთხვევა, რაც ფრიად ძაბავს სიტუაციას. ამის კარგი მაგალითია სილეზია. როგორც ცნობილია, ეს რეგიონი ქვანახშირის მოპოვების ტრადიციული რეგიონია. ამჟამად აქ მოპოვებული ქვანახშირი ძვირი ჯდება და ვერ უძლებს საერთაშორისო კონკურენციას, თანაც, დღეს უკვე აღარც არის დიდი მოთხოვნილება ამ პროდუქციაზე. ამიტომ სილეზიაში მაღარო-მაღაროზე კოტრდება და უმუშევართა მთელი არმიები წარმოიშვა. მაღაროელები პროფკავშირი „სოლიდარობის“ ხელმძღვანელობით აწყობენ გაფიცვებს, დემონსტრაციებს და გამოდიან მაღაროთა მასობრივი დახურვის წინააღმდეგ. მათ მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ასეთ მასშტაბურ დემონტრაციას ვარშავაში ადგილი ჰქონდა სწორედ მაშინ, როდესაც ამ ქალაქში პოლონეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიწვევით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული უკრაინის პოლიტიკურ პარტიათა მთელი სპექტრი - როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჩათვლით, იმყოფებოდა. მემაღაროელთა დემონტრაცია დასრულდა უმუშევართა და პოლიციელთა შეტაკებით, რომლიც დროსაც მრავალი ადამიანი სერიოზულად დაშავდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.
ამ თემაზე საუბრის დასასრულს გვინდა ვთქვათ, რომ ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა პოლონეთის მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, უმუშევრობა ჩეხეთში შეადგენს 9 პროცენტს, გერმანიაში - 8.3, ხოლო უნგრეთში იგი 6 პროცენტს უტოლდება (ცნობისათვის, უმუშევრობა ჰოლანდიაში 2.8%-ია, ირლანდიაში - 4.5, პორტუგალიაში - 4.6, შვედეთში - 4.8, დიდ ბრიტანეთში - 5.2, საფრანგეთში - 8.9, იტალიაში - 9 პროცენტი. ამ თემაზე საუბრისას მონტესკიე გვახსენდება: „მე არ ვიცი, რატომ არის ბიბლიის მიხედვით უქმად ყოფნა სამოთხეში მოხვედრილთა ხვედრი, მაშინ, როდესაც ეს ნამდვილი ჯოჯოხეთიაო“).
მოსალოდნელია, რომ ევროსკეპტიკოსთა ვარაუდები გამართლდეს და ევროკავშირში შესვლის პირველ წლებში პოლონეთში უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამას გამოიწვევს ის, რომ მრავალი პოლონური ფირმა ვერ გაუძლებს კონკურენციას და გაკოტრდება. აქ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს ის გარემოება, რომ პოლონეთს დასავლეთ ევროპიდან მოაწყდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდი ტალღა, რაც ამ ქვეყნის სოფლებში დიდი რაოდენობის ფარულ უმუშევრობას წარმოქმნის.
უმუშევართა დასაქმების პრობლემის გადაჭრას ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაც აფერხებს. თითქმის მთელ მსოფლიოში მიმდინარე რეცესიულმა პროცესებმა და განსაკუთრებით სტაგნაციამ გერმანიაში (რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი უმთავრესი სამეურნეო პარტნიორია) პოლონეთშიც ეკონომიკური განვითარების შესუსტება გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური უკუსვლა პოლონეთში ბოლო ორი-სამი წელიწადია, რაც დაიწყო, თორემ მანამდე, ანუ 1992-98 წლებში აქ ადგილი ჰქონდა არნახულ სამეურნეო აღმავლობას. ქვეყანას ცენტრალური ევროპის „ვეფხვსაც“ კი უწოდებდნენ ექსპერტები.
სავარაუდოა, რომ ეკონომიკური სტაგნაციის პროცესები პოლონეთში მომავალ წელსაც გაგრძელდეს. თუმცა ბიუჯეტით 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3.5 პროცენტით არის განსაზღვრული, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების განცხადებით ეს პოლონეთისათვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია. ისინი 2 პროცენტზე მეტ ზრდას არ ვარაუდობენ. ამავე აზრს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ), რაზეც პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა, კოლოდკომ განაცხადა - „სავალუტო ფონდი რომის პაპი როდიაო“.
ზემოთ პოლონეთის ევროკავშირში გაერთიანების შესახებ ვსაუბრობდით. ახლა საინტერესოა ვნახოთ, თუ ამ სასტარტო ეტაპზე რა განსხვავებაა ევროკავშირის ქვეყნებსა და პოლონეთს შორის ზოგიერთი მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით.
დავიწყოთ ხელფასებით, რადგან შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომოკური კატეგორიაა, რომელიც ნათლად აჩვენებს საზოგადოების განვითარების დონეს. ამჟამად პოლონეთში მინიმალური ხელფასი შეადგენს 190 აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც ლუქსემბურგში იგივე მაჩვენებელი 1290 დოლარია, ჰოლანდიაში 1207, ბელგიაში - 1163, საფრანგეთში - 1126, დიდ ბრიტანეთში - 1124, ირლანდიაში - 1009, ესპანეთში - 516, საბერძნეთში - 473, პორტუგალიაში - 406 და ა. შ.
აქვე გვსურს ზოგიერთ სხვა მაჩვენებელზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ახასიათებენ ცხოვრების დონეს პოლონეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
1000 მცხოვრებზე გაანგარიშებით პოლონეთზე მოდის 294 ტელეფონი, ევროკავშირში - 643-ი. ავტოსტრადების საერთო სიგრძე პოლონეთში შეადგენს 337 კილომეტრს, ევროკავშირში - 49232კმ-ს, ფიჭური ტელეფონების რიცხვი 1000 მცხოვრებზე გაანგარიშებით პოლონეთში შეადგენს 294-ს, ევროკავშირში - 727-ს; ამდენივე მოსახლეზე გაანგარიშებით მსუბუქი ავტომანქანების რიცხვი პოლონეთში შეადგენს 272-ს, ევროკავშირში - 460 - ს და ა.შ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვანსა და საკამათო პრობლემას ქვეყანაში გადასახადები წარმოადგენს. იგი მეტად მძიმე ტვირთად აწევს პოლონელ მეწარმეს, რომელიც წარმოებული პროდუქციის თითქმის ნახევარს (46%-ზე მეტს) სახელმწიფოს უხდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინმე კოვალსკი ნახევარ წელს სახელმწიფოსათვის მუშაობს, ხოლო მეორე ნახევარ წელს - თავისთვის.
კაპიტალიზმის ბუნების გაუცნობიერებლობით გამოწვეული ერთ-ერთი პირველი დარტყმა პოლონეთში მსახიობებმა მიიღეს. 2002 წლის იანვარ-მარტში პოლონეთის სცენის ოსტატთა კავშირმა შჩეცინის პორტის ფასიანი ქაღალდები შეიძინა. მალე პორტი გაკოტრდა და კავშირმაც 9 მილიონი ზლოტი დაკარგა. თავდაპირველად ამის შესახებ არავინ იცოდა და ეს ამბავი მხოლოდ სექტემბერში გახმაურდა. ჟურნალისტებისათვის საგანგებოდ გამართულ პრეს - კონფერენციაზე კავშირის თავმჯდომარე ოლგირდ ლუკაშევიჩმა განაცხადა:“მსახიობები ვართ, ფულის კეთების არაფერი გაგვეგებაო“.
კავშირის ადრინდელი თავმჯდომარის კაზიმეჟ კაჩორის თქმით (პრესკონფერენციაზე იგი აქციასა და ობლიგაციას ერთმანეთში ურევდა), პორტის ფასიანი ქაღალდები კავშირს რამდენიმე წელიწადია, რაც შეძენილი აქვს და ადრე ამის წყალობით საგრძნობ მოგებასაც ნახულობდა. მსახიობები მთელ თავის უბედურებას ING ბანკს აბრალებენ, რომლის რეკომენდაციითაც მათ აღნიშნული საწარმოს ობლიგაციები შეიძინეს, და არ უნდათ შეეგუონ იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ წაგება და მოგება ძმები არიან.
ჩემთვის პოლონეთში ყოფნისას განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საამაყო იყო ერთი დღე. წიგნში, რომელიც თითქმის უკვე დასრულებული მაქვს და რომლის სათაურიც არის „ქართველები პოლონეთში“, ერთი თავი დიდ მეცნიერსა (თეოლოგი) და საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიების წმიდანს გრიგოლ ფერაძეს ეხება. გრიგოლ ფერაძის შესახებ ყველაზე მდიდარი მასალები მოიპოვება პოლონეთში, რადგან იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ვარშავის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების კათედრას ხელმძღვანელობდა და აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. სწორედ აქ, ოსვენციმში დახვრიტეს იგი 1942 წლის 5 ოქტომბერს (აქვე უნდა ითქვას, რომ 2002 წლის 4 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში ამ ადამიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომლის ორგანიზებაც ამ უნივერსიტეტის პროფესორის, აქ გამომავალი ჟურნალის „პრო გეორგიას“ რედაქტორის დავით ყოლბაიას დამსახურებაცაა).
გრიგოლ ფერაძის ერთ-ერთი მკვლევარი და ბიოგრაფი პოლონელი მღვდელი მამა ჰენრიკ პოპროცკია.
ერთ-ერთ საღამოს დავურეკე მამა ჰენრიკს და შეხვედრა ვთხოვე. ხვალ წირვა მაქვს და ეკლესიაში ვისაუბროთო - მითხრა.
მართლაც, მეორე დღეს, დილით, წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში ვიყავი, რომელიც ვისლის სიახლოვეს, ვარშავის ერთ-ერთ ძველ რაიონში, პრაღაში მდებარეობს. ეკლესია სავსე იყო ხალხით (პოლონელები ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე ხალხია მსოფლიოში). წირვის დასრულების შემდეგ, ქსენძი საკურთხეველში შებრუნდა. მის ლოდინში ვათვალიერებ ეკლესიის ფრესკებს. მოულოდნელად ჩემი ყურადღება იქვე, კარებთან ახლოს მოხატულმა ფრესკამ მიიპყრო. კედლიდან შავგვრემანი სახე შემომცქეროდა, დავაკვირდი და ამოვიკითხე: „შწ. გრიგოლ ფერადზე“ (წმინდა გრიგოლ ფერაძე). კი, ადრეც ვიცოდი, რომ მამა გრიგოლი პოლონეთში წმინდანად იყო შერაცხული, მაგრამ მოულოდნელი იყო ამ ფრესკის ნახვა ჩემთვის და იმ წუთებში ენით აღუწერელი გაოცება და სიამაყე ვიგრძენი ერთსა და იმავე დროს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთში არსებობს წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის ძმობა. მომავალში მას განზრახული აქვს გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის აგება.
ვარშავაში ყოფნისას, სხვა დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე, როგორც ქართველმა. ცნობილმა პოლონელმა ისტორიკოსმა და მწერალმა, ქალბატონმა იადვიგა დაცკევიჩმა, განსაკუთრებით ნაპოლეონის თემაზე შექმნილი „ნაპოლეონის ბუდე“, „ნაპოლეონის ვაჟიშვილი“ და ა. შ. წიგნების ავტორმა, რომლის ეს უკანასკნელი წიგნიც მე ვთარგმნე და გამოვეცი 2000 წელს, სადილზე მიმიპატიჟა. უკვე ასაკში შესული ქალბატონი აბსოლუტურად მარტოსული აღმოჩნდა. იგი ვარშავის ცენტრში, სოლიბორჟში, სოლესის ქუჩაზე ცხოვრობს. ქუჩის სახელწოდება მარილისაგან წარმოსდგება ( შუა საუკუნეებში აქ, ვისლას ნაპირას, მარილის საწყობები იყო). სახელიც აქედან მომდინარეობს. წიგნებით გადატენილ ბინაში ქალბატონ იადვიგას მოეპატიჟა ასევე თავისი მეგობარი ქალი, პოლონეთში ცნობილი ინგლისურის სპეციალისტი. სადილის მსვლელობისას ეს უკანასკნელი დაინტერესდა, თუ იცნობთ ქართველ მთარგმნელს ვენერა ურუშაძესო? არა მეთქი, - ვუპასუხე.
- ამ რამდენიმე წლის წინ ხელში ჩამივარდა მის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხვისტყაოსანი“. ისე კარგად არის ნათარგმნი, კითხვისას განცვიფრებას ვერ ვმალავდი, ქართველმა ქალმა ასე კარგად სად ისწავლა ინგლისური -მეთქი?! - მითხრა ამ ქალბატონმა.
სიყვარულის ღმერთ ამურთან პოლონელების განსაკუთრებული დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილია. ეს მათ ჩემი ვარშავაში ყოფნისასაც გამოამჟღავნეს. ადგილობრივი ტელევიზიით რამდენჯერმე აჩვენეს სასამართლო პროცესი, რომელმაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 35 წლის პედაგოგ ქალბატონს. ამ ქალმა ქიმიის ლაბორატორიაში ძალით შეათრია და დანით, რამდენიმე ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა სკოლის მოსწავლე, ასე 12-13 წლის ბიჭი. ქალის გაშმაგების მიზეზი ის იყო, რომ ბიჭის მამამ, რომელიც ამ ქალბატონის საყვარელი ყოფილა, მიატოვა იგი და ქალმაც შური იძია.
ტელევიზორითვე შევიტყვე სხვა, არანაკლებ ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. ციხიდან დაბრუნებულ ქმარს მეზობლები ახვედრებენ ამბავს, რომ მისი ცოლი გაბოზდა. კაცი დათვრება და სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრის თავის მოღალატე მეუღლეს.
საკმაოდ პარადოქსალური ბედი ერგო ვარშავის ცენტრში მდგარ კულტურის სასახლეს. შენობა, რომელიც საბჭოთა მთავრობამ საჩუქრად აუშენა “მოძმე“ პოლონელ ხალხს, თავის დროზე ძალზე ცუდად აღიქვეს პოლონელებმა. დაახლოებით ისე, როგორც ეიფელის კოშკი - ფრანგებმა. როგორც ახლა ჩანს, ბოლო დროს ამ შენობამ სერიოზული მეტამორფოზა განიცადა; აქ ჯერ განთავსებული იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, შემდეგ საფონდო ბირჟა (მოკლედ, თავისი ბუნებით სრულიად განსხვავებული დაწესებულებები), ახლა აქ იმართება ათასგვარი კულტურული ღონისძიებები - გამოფენები, წიგნების გამოფენა-ვაჭრობები, სხვადასხვა სახის ლექციები, შეხვედრები მწერლებთან და ა. შ.
მემაღაროელების, გემთმშენებლების თუ მეტალურგების მსგავსად, რომლებიც სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იხურება მათი მშობლიური სახელმწიფო საწარმოები და ისინი უმუშევარი რჩებიან, ამ ბოლო დროს პროტესტებით გამოდის ასევე პოლონელი ინტელიგენციაც.
მათმა მრავალმა წარმომადგენელმა უკვე სრულიად სხვაგვარად დაუწყო ყურება საბაზრო ეკონომიკას. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც გამოჩენილი პოლონელი კინემატოგრაფისტის, რეჟისორ ანჯეი ვაიდას (ფილმები „ადამიანი მარმარილოდან“, „ადამიანი რკინიდან“, „აღთქმული მიწა“ და სხვ.) ბოლოდროინდელი განცხადებები. კერძოდ, თუ მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს რეჟისორი 12 წლის წინათ წერდა - „მოვესწარი იმ დროს, რომელ დროშიც მსურდა მეცხოვრაო“, ახლა სრულიად სხვაგვარად მსჯელობს“ - „თუ ახლა სახელმწიფო გაკოტრებამდე მიიყვანს თავის მაღაროებსა და გემსაშენებს, მაშინ ამის საზღაურს ყველა ჩვენთაგანი გაიღებსო“.
როგორც ჩანს, ვაიდა სახელმწიფოსაგან იმიტომ ითხოვს მაღაროების დაცვას, რომ კულტურაც დაიცვას. ვაიდას ამ განცხადებასთან უნისონშია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ამ ბოლოდროინდელი პროტესტებიც, რომლებიც ხელისუფლებისაგან კულტურის უფრო აქტიურ დაცვას მოითხოვენ.
აი, კულტურის ზოგიერთი მოღვაწის განცხადება: ქრიშტოფ ჩაიკა, რეჟისორი: ის, რაც პოლონეთის კულტურის სფეროში ხდება, გამაოგნებელია. ბოლო რამდენიმე წელია ერთი ფილმიც არ გადაღებულა საბიუჯეტო სახსრებით.
პოლონეთის კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ამგვარ განცხადებებს კრიტიკოსიც მრავალი გამოუჩნდა. ეს უკანასკნელი ინტელიგენტთა ამგვარ განცხადებებს „პეგეერების“ (საბჭოთა მეურნეობების მსგავსი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმო პოლონეთში) დამცველთა განცხადებებს ადარებენ. კრიტიკოსთა აზრით, ნამდვილი ხელოვანი საბაზრო ეკონომიკის პირობებში კიდევ უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ადრე და ასეთებია კრიშტოფ პანდერევსკი (კომპოზიტორი), ვიესლავ მიშლივსკი (მწერალი), ტადეუშ რუჟევიჩი (დრამატურგი) და სხვ.
რუსეთის ყოფილი პრემიერის ჩერნომირდინის გამონათქვამებიდან ერთ-ერთი ასეთი დამახასიათებელ გამონათქვამს გაიხსენებენ ხოლმე: გვინდოდა უკეთესი გაგვეკეთებინა, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვისო. ამ ბოლო დროს პოლონეთის პრემიერის ლეშეკ მილერის ამგვარი გამონათქვამი ტრიალებს პრესაში: მამაკაცი იმით კი არ იცნობა, თუ როგორ იწყებს, არამედ იმით, თუ როგორ ამთავრებსო.
მსოფლიოში ცნობილი პოლონელი ფანტასტი მწერალი სტანისლავ ლემი „ომეგასა“ და „ჩვენი მწერლობის“ მკითხველისათვის ამ ბოლო დროს მასთან გამოქვეყნებული ინტერვიუთიც გახდა ცნობილი. ეს ინტერვიუ მწერლის 80 წლისთავთან დაკავშირებით დაიბეჭდა.
2002 წლის ოქტომბერში ლემმა კიდევ ერთი ფაქტით მიიპყრო მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება. კერძოდ, ამ თვეს ამერიკელ მაყურებელს უჩვენეს ჰოლივუდში გადაღებული ფილმი: „სოლარისი“, რომლის სცენარიც მისი ნაწარმოების მიხედვით არის დაწერილი. მწერალმა სცენარში მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო. ცხადია, ეს ფანტასტიური თანხაა, უფრო ადრე ამდენი მიიღო ამ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ მისი ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებაზე ნებართვისათვის.
„სოლარისის“ რეჟისორია სტივენ სოდებერგი. ეს რეჟისორი ქართველი მაყურებლისათვის ცნობილია ფილმით „სექსი, სიცრუე და ვიდეოთეკა“, რომელმაც კანის „ოქროს პალმა“ მოიპოვა 1986 წელს.
როგორც ჩანს, სტ. ლემი მოკლე დროში კვლავ მიიღებს მილიონიან ჰონორარს. ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდი მალე გადაიღებს ფილმს, რომლის საფუძველიც მისი ახალი ნაწარმოების - „გამოძიების“ მიხედვით შექმნილი სცენარი გახდება.
ტრადიციულად პოლონელები დიდ პატივს მიაგებენ გარდაცვალებულებს. მათ მოკრძალებასა და სიყვარულს განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები იმსახურებენ. დადიხარ ვარშავის ქუჩებში და თითქმის ყოველ ნაბიჯზე შენს ყურადღებას იპყრობს ქანდაკება თუ ობელისკი, მემორიალური დაფა თუ უბრალო წარწერა კედელზე იმის შესახებ, რომ აქ სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული ადამიანი განისვენებს...
პოლონელთა ასეთი სათუთი მოპყრობა გარდაცვალებულებისადმი მით უფრო თვალშისაცემია მიცვალებულთა დღეებში ანუ ოქტომბრის ბოლო კვირას. ამ დროს პირდაპირ ყვავილებშია ჩაფლული მთელი ვარშავა, რადგან არც ერთი წმინდა ადგილი არა რჩება, რომ ყვავილებით არ იყოს შემკული და სანთლები არ ენთოს იქ... სასაფლაოზე ხომ... აქ ხალხისა და ყვავილების ტევა აღარ არის. სასაფლაოებზე ყოველივე ამასთან ერთად ჩემთვის ძალზე შთამბეჭდავი იყო ფირნიშებზე გაკეთებული წარწერები „ნუ მოსწევთ“ და ის, რომ აქ ამგვარ მოთხოვნას ყველა იცავდა...
ალბათ, სწორედ ამიტომ აქვს შენიშნული ერთ პოლონელ მწერალს: ერთადერთი ევროპელი ერი ვართ, რომელიც უფრო მეტ პატივს მიაგებს გარდაცვალებულთ, ვიდრე ცოცხლებსო... და კიდევ მისივე ჩანაწერებიდან: როდესაც ევროპაში ყვაოდა ბარები და კაფეები, თეატრები და რესტორნები, ჩვენთან - სასაფლაოები, რადგან ასეთია ბედისწერა პოლონეთისაო... და ალბათ, მართლაც სიმბოლურია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს და განსაკუთრებით ვარშავის აჯანყებისას, ეს ქალაქი თითქმის მთლიანად იყო აღგვილი პირისაგან მიწისა. მხოლოდ სასაფლაოები გადარჩა...
ზემოთ პოლონელების თავისუფლებისმოყვარეობაზე ვისაუბრე. საერთოდ, როდესაც მცირე ერების (მათ შორის, ქართველების) ამგვარ მისწრაფებაზე ვფიქრობ, იმაზედაც ხშირად დავფიქრებულვარ, რომ გამუდმებით ამაზე ფიქრი ხომ არ აკომპლექსებს მეთქი ცალკეულ ადამიანსა თუ საერთოდ ერს? ხომ ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომ გერმანელს, ინგლისელს, მით უფრო ამერიკელსა, ჩინელსა თუ რუსს, ამგვარი რამ აწუხებდეს და დღენიადაგ ის აწუხებდეს, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არავინ წაგვართვასო? ამგვარი ფიქრები და მისგან დამძიმებული ადამიანი გარკვეულად მეორეხარისხოვანი არსება ხომ არა ხდება?
ომის ცეცხლსა და მახვილს გადარჩენილ სასაფლაოებზე შემორჩენილია ასევე ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეთა საფლავებიც. მეორე მსოფლიო ომამდე ხომ დიდი და მეტად საინტერესო ქართველთა კოლონია ცხოვრობდა პოლონეთში. ვინ არ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აქ - მეცნიერი და მეომარი, მწერალი და პოლიტიკოსი...
1992 წლის მაისში საქორთველო-პოლონეთის საზოგადოების ვარშავის განყოფილებამ მეტად კეთილშობილური საქმე წამოიწყო. კერძოდ, მან გადაწყვიტა მოეძებნა, შეესწავლა და ეპატრონა ამ საფლავებისათვის. ამ საქმის ორგანიზება თავს იდეს საზოგადოების წევრებმა - სერგო ყურულიშვილმა, ანჟეი ვოზნიაკმა, კ. ბრაუნმა, ი. გოძიაშვილმა, დ. ყოლბაიამ, ნ. მათიკაშვილმა და სხვ.
ვარშავაში ქართველთა ყველაზე ძველი საფლავებიაავოლას მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. აქ X1X საუკუნის 60-იან წლებში დაკრძალულია ვარშავის სამხედრო კომენდატი თავადი დავით ბებუთოვი (დაიბადა 1798 წელს თბილისში, გარდაიცვალა 1867 წელს ვარშავაში). საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ფორმები მოგვაგონებს, რომ აქ დაკრძალულია სამხედრო და რომ ის წარმოშობით კავკასიიდანაა (ხმალი, პისტოლეტი, გადაჯვარედინებული ხანჯლები, ფაფახის ქუდი). საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ასევე მედალიონი დავით ბებუთოვის პორტრეტით, ხოლო საფლავის ქვის სვეტს ანგელოზი ამშვენებს.
გაცილებით უბრალოა და ამავე დროს უყურადღებოდ არის მიტოვებული სასაფლაოს ლიკვიდირებული ნაწილიდან სხვა ადგილას გადატანილი გენერალ აგათონ ვახვახოვის (ვახვახიშვილის, გარსევანის ვაჟისა) და მისი მეუღლის საფლავი.
აქვე მეუღლე მარიას (1894-1927 წწ.) და მისი ძმა იანის (1897-1961წწ.) გვერდით განისვენებს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი სერგო ყურულიშვილი (1894-1925წწ.).
ვარშავის პოვოზკის კომუნალური სასაფლაოს სამხედროებისათვის განკუთვნილ ნაწილში ჰპოვა თავისი სამუდამო განსასვენებელი პოლონეთის არმიის კონტრაქტის ოფიცერმა, გენერალმა იან (გიორგი) ყაზბეგმა.
აქვეა დაკრძალული პოლონეთის არმიის ოფიცერი, ქართული ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე, მეწარმე ალექსანდრე გოძიაშვილი (1897-1941წწ.).
ამავე სასაფლაოზე განისვენებს თამარა კობიაშვილი (გარდაიცვალა 1929 წ.), პოლონეთის არმიის კაპიტნის მეუღლე.
ამ სასაფლაოს სამოქალაქო პირთათვის განკუთვნილ ნაწილში, კრემინსკების საოჯახო სასაფლაოზე განისვენებს თავადი ნიკოლოზ ბაგრატიონი (1908-1940 წწ.). იგი ქართველთა კომიტეტის მდივანი იყო 30-იან წლებში, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა.
საბჭოთა ჯარისკაცთა სასაფლაოზე აღმოჩნდა იმ ქართველ მეომართა საფლავები (ხშირად სახელის, დაბადების და გარდაცვალების თარიღების გარეშე), რომლებიც ვარშავის განსათავისუფლებლად იბრძოდნენ 1944 წელს. მათ შორის არიან: მაიორი ზ. გორტოშვილი, ლეიტენანტი გ. მიხულია, ორდენის კავალერი ქოქაძე და სხვები. მათი გვარების იდენტიფიკაციას საქართველო_პოლონეთის საზოგადოება აგრძელებს.
პოვონსკის სასაფლაოზე ყველაზე გამორჩეული საფლავი ალბათ, მაინც ვლადისლავ სტ. რეიმონტისაა. იგი აქ, კატაკომბების გასწვრივ არის დაკრძალული. უფრო სწორედ, დაკრძალულია მისი სხეული, გულის გარეშე. მწერლის გული, ისევე, როგორც გული მეორე დიდი პოლონელის - შოპენისა, ვარშავის ცენტრალურ ქუჩაზე, კრაკოვსკიე პრედმესტიეზე, სამი ჯვრის ეკლესიაშია დასვენებული. სწორედ ამ მწერლის სასაფლაოზე ანთია ყველაზე მეტი სანთელი და სწორედ ეს საფლავია ყველაზე მეტად დაფარული ყვავილების თაიგულებით...
ქართველმა მკითხველმა ამ დიდი პოლონელი მწერლის, უზარმაზარი რომანის „გლეხების“ ავტორის შესახებ, რომლისთვისაც 1924 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, ბევრი არაფერი იცის (გამონაკლისს ამ ორიოდე წლის წინათ გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ დაბეჭდილი ჩემი თარგმნილი მწერლის წერილების მომცრო წიგნი წარმოადგენს).
ამავე სასაფლაოზეა დაკრძალული ცნობილი მწერალი მარია დომბროვსკაც, რომელიც 20-იან წლებში ასევე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, მხოლოდ უშედეგოდ. სასაფლაოზე სხვა მრავალი მწერალი თუ ხელოვნების მსოფლიოში აღიარებული მოღვაწეც განისვენებს.
|
|
Comments
Post a Comment