Skip to main content

ისტორიული წყაროები

ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები 1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”. XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია. თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობისა, მას, როგორც პირველწყაროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს[2]. XI საუკუნის ანონიმი ავტორის ”მატიანე ქართლისა”[3], რომელიც VIII საუკუნის ამბებით იწყება, თანმიმდევრულად გადმოგვცემს ისტორიულ მოვლენებს XI საუკუნის 70-იანი დასაწყისამდე. იგი გვაწვდის ცნობებს XI საუკუნის დასაწყისში კახეთ-ჰერეთის ერთიანი საქართველოს სამეფოსთან შემოერთების, განძის ათაბაგთან ბრძოლის, აგრეთვე იმ დაძაბული შინაკლასობრივი მტრობა- შუღლის შესახებ, რომელიც ბაგრატ III-ის გამეფების დროიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ქართულ ფეოდალურ მონარქიაში შინაკლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ წყაროს ცნობებს ბაღვაშთა ძლიერი საგვარეულოს ისტორიის შესახებ. იგივე წყარო ვრცლად მოგვითხრობს საქართველოს ურთიერთობაზე ბიზანტიის იმპერიასთან, მეზობელ სომხურ სახელმწიფოსთან და აგრეთვე თურქ-სელჩუკთა პირველ შემოსევებზე. აღნიშნული წყაროს მნიშვნელობა XI საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, მათი ეჭვმიუტანლობა სათანადოდ არის შეფასებული და დასაბუთებული ქართულ ისტორიოგრაფიაში [4]. ”მატიანე ქართლისას” უშუალო გაგრძელებას ”ქართლის ცხოვრების” კრებულში წარმოადგენს ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი”[5] დიდად განათლებული ისტორიკოსის თხზულება, დავითის საქმიანობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობას ადარებს და ამ ხანის საქართველოს ისტორიას მთელი ამიერკავკასიის და, შეიძლება ითქვას, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე იხილავს. თხზულება უაღრესად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფაქტიურად ეს არის ერთადერთი თანამედროვე ეროვნული წყარო, რომელიც თანმიმდევრულად მოგვითხრობს დავითის მოღვაწეობის ყველა ძირითად მხარეზე. თხზულების ავტორი აღწერილი ამბების თანამედროვე და მეფესთან დაახლოებული ყოფილა. ნაშრომში ჩანს ავტორის სუბიექტივიზმი და მეფისადმი თაყვანისცემის ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ავტორი არ მალავს გარკვეული პოლიტიკური წრეების უკმაყოფილებას, გამოწვეულს დავითის ამა თუ იმ ღონისძიებით, დავითის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების არსებობას. ამასთანავე, თხზულების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს საისტორიო ნაწარმოები უაღრესად სანდო და ეჭვმიუტანელია, რისი დამამტკიცებელია დავითის ისტორიკოსის მთელი რიგი ცნობების დადასტურება უცხოური წერილობითი მასალების მონაცემებით, ნუმიზმატიკური ფაქტებითა და სხვა წყაროებით[6]. თამარის ისტორიკოსთა ნაწარმოებები - ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”[7] და ბასილ ეზოსმოძღვრის მცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისინ[8]- აგრეთვე თანამედროვე ავტორთა მიერ დაწერილი საისტორიო თხზულებებია. ისევე როგორც ”ქართლის ცხოვრების” კრებულში შესულ ყველა სხვა საისტორიო თხზულებას, თამარის ისტორიკოსთა ნაშრომებსაც ტენდენციურობა ახასიათებთ. მათში აშკარად იგრძნობა ავტორთა უარყოფითი დამოკიდებულება მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ღონისძიებისა და მეფის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა სახელმწიფო მოღვაწის მიმართ. ორივე ავტორის მიზანი, მიუხედავად მათი თხრობის სტილის სხვადასხვაობისა და წინწამოწეულ საკითხთა განსხვავებულობისა, ერთია - აჩვენონ თამარის ეპოქის საქართველოს სიდიადე, სიძლიერე, ხაზი გაუსვან ქვეყნის საერთო ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას და ყოველივე ამის ძირითად პირობად დასახონ თვით თამარის თუ მის გარშემო შემოკრებილ სახელმწიფო მოღვაწეთა კეთილგონიერება, სამშობლოს დიდი სიყვარული და მისი ინტერესების უანგარო სამსახური. მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა გამოსვლა მათში მონაწილეთა პირადი უარყოფითი თვისებებითაა ახსნილი. ისტორიკოსები ცდილობენ მიჩქმალონ ეპოქის ღრმა სოციალური წინააღმდეგობანი, ან შესაძლებელია თვითონაც ვერ გრძნობენ და ვერ ერკვევიან ამ წინააღმდეგობებში. ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი თამარის დროის საქართვეკლოს ისტორიაში, როგორიცაა გიორგი ანდრია ბოგოლუბსკის ძის განდევნა საქართველოდან, ისტორიკოსთა მიერ მხოლოდ გიორგის პირადი თვისებებითაა ახსნილი. სავსებით უგულებელყოფილია ისტორიკოსთა მიერ კლასობრივი წინააღმდეგობანი და ქვეყნის შიგნით სრული ჰარმონიისა და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლის თავისი მდგომარეობით სრული კმაყოფილების სურათია დახატული. თამარის ამ ორი ისტორიკოსის შრომა მნიშვნელოვნად ავსებს ერთმანეთის მონაცემებს, რადგან მათი ავტორების ინტერესთა წრე საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ ერთს უფრო საშინაო პოლიტიკის და მეფის პირადი ცხოვრების საკითხები აინტერესებს, მეორე უმეტესად საგარეო ურთიერთობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარის პირველი ისტორიკოსი (”ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი”) თხრობას გიორგის მეფობით იწყებს და უმთავრეს წყაროს გიორგი III-ის მეფობის შესახებ ჩვენთვის ეს საისტორიო თხზულება წარმოადგენს. უკანასკნელ ხანს ჩვენს სამეცნიერო ლიტერეტურაში გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება თამარის ისტორიკოსთა ვინაობის შესახებ (ივ. ლომაშვილი, კ. გრიგოლია და სხვ.). ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობების შემცვლელია ჩვენი ისტორიისათვის ლაშა გიორგი დროინდელი მემატიანის თხზულება[9]. ეს მატიანე, მიუხედავად თავისი მცირე მოცულობისა, საკმაოდ მდიდარია ქრონოლოგიური მონაცემებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი ქართული ნარატიული წყარო, რომელიც დავით აღმაშენებლის ძის, მეფე დემეტრე I - ის და მისი ძის, მეფე დავით V - ის შესახებ გვაწვდის ცნობებს[10]. ”ქართლის ცხოვრების” კრებულში შესული ეს საისტორიო თხზულებანი, რომელნიც მათში გადმოცემული ფაქტიური ცნობების თვალსაზრისით უმთავრესად სანდონი არიან, ამასთანავე საკმაოდ ტენდენციურად აშუქებენ მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებს პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ თხზულებებში ძირითადად მოცემულია ქვეყნის პოლიტიკური ისტორია, ბრძოლა ქართული მიწების გაერთიანებისა და შემდგომ მეზობელთა მიწა-წყლის შემოერთებისათვის. აღნიშნულ თხზულებებში გატარებულია ერთი მთავარი აზრი, რომ ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისათვის, და შემდეგ არაქართული მიწების დაპყრობისათვის სამართლიანი და ისტორიულად გამართლებულია. დავით აღმაშენებლის დროიდან დაიწყებული დაპყრობითი ომები თავდაცვის, მოძმე ხალხთა განთავისუფლების და საქართველოს საზღვრების დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული. როგორც დავითის ისტორიკოსი ამართლებს დავითის დროინდელი ბრძოლების შედეგად თურქ-სელჩუკთა უღლისაგან განთავისუფლებული ქვეყნების - უშუალოდ საქართველოს სამეფოსთან შემოერთებას და მეფის ტახტისათვის დაქვემდებარებას, ასევე თამარის ისტორიკოსი ისტორიული აუცილებლობით ხსნის თამარის დროს წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად საქართველოს ირგვლივ ყმადნაფიცი ვასალური სახელმწიფოების სისტემის ჩამოყალიბებას. იმ დაძაბულ შინაკლასობრივ ბრძოლაში, რომელიც XI - XII საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, “ქართლის ცხოვრების” კრებულში შესულ ისტორიკოსთა ნაშრომებში, როგორც წესი, გამართლებულია სამეფო ხელისუფლების პოლიტიკა და მეფეთა ყოველგვარი საშუალებებით ბრძოლა მეამბოხე-ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. მთლიანად მიჩქმალულია კლასობრივი წინააღმდეგობისა და კლასობრივი ბრძოლის არსებობა, საქართველოს მთიელთა ბრძოლაც კი ფეოდალური უღლის წინააღმდეგ მთლიელთა ურწმუნოებითაა ახსნილი. თამარის ისტორიკოსი მოგვითხრობს რა საერთო ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობაზე, სარეთო კეთილდღეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის სურათს ხატავს, თუმცა იქვე იძულებულია მოგვითხროს გლახაკთა და არასმქონეთათვის სახელმწიფოს მიერ შემოსავლის მეათედის დაწესების აუცილებლობის შესახებ. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ იმ მწვავე საშინაო კრიზისის შესახებ, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში იჩენს თავს, “ისტორიანისა და აზმანის” ავტორი ძალიან მოკლედ მოგვითხრობს (განსაკუთრებით ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლაზე), ხოლო ბასილ ეზოსმოძღვარი საერთოდ დუმს. ქართლის ცხოვრების კრებულში შესული საისტორიო თხზულების საისტორიო მონაცემებს XI - XII საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვნად ავსებენ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა და სხვა წყაროების მონაცემები. ჰაგიოგრაფიულ თხზულებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ათონელ მოღვაწეთა ცხოვრებებს[11]. მართალია, ეს თხზულებანი უმთავრესად ათონის ქართველთა მონასტრის დაარსებისა და მისი ისტორიის გადმოცემას ისახავენ მიზნად და ძირითადად იქ წარმოებული დიდი კულტურული საქმიანობის შესახებ მოგვითხრობენ, მაგრამ ამასთან გვაწვდიან ცნობებს, ამ ხანის ქართულ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, საშინაო ხასიათის ისტორიული ფაქტების შესახებაც. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ წყაროთა ცნობებს ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის გასარკვევად, კერძოდ, XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-ის დედის, დედოფალ მარიამის ბიზანტიაში ელჩობის, ხოლო ამავე საუკუნის 50-იან წლებში თვით მეფე ბაგრატ IV ბიზანტიაში გამგზავრების მიზეზებისა და შედეგების საკითხების შესასწავლად. XI საუკუნის 60-იანი წლების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. ეს ძეგლი ნათლად წარმოგვიდგენს გიორგი მთაწმინდელის საქართველოში ჩამოსვლის დროს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას, საეკლესიო მმართველობაში გამეფებულ დარღვევებსა და სხვ. აღნიშნული ხანის საქართველოს ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ დოკუმენტურ წყაროებს. ქართული დოკუმენტური მასალა, რომელიც XI საუკუნიდან თანდათან მატულობს, განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური ისტორიის საკითხებისათვის, სახელდობრ, გლეხთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის. გლეხთა მიწაზე მიმაგრების, ბატონყმობის საბოლოო გამარჯვების ეტაპების დადგენისათვის[12]. დოკუმენტური მასალა მნიშვნელოვნად ავსებს და აზუსტებს ნარატიული წყაროების მონაცემებს საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის არსებულ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე[13]. დოკუმენტური მასალა დიდ დახმარებას უწევს აღნიშნული ხანის საქართველოს ისტორიის შემსწავლელთ ამ ეპოქის სამოხელეო ინსტიტუტების შესასწავლად[14]. როგორც სოციალურ ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხების კვლევისათვის დიდად საინტერესო მასალა მოიპოვება ეპიგრაფიკულ ძეგლებში, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება საქართველოს მეფეთა ტიტულატურის დაზუსტება. ხელმწიფის კარის მოხელეთა, ზოგიერთ ვაზირთა მოხელეობის დროის განსაზღვრა, სამეფო დომენის ადგილმდებარეობის გარკვევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დაზუსტება[15]. წყაროების მნიშვნელოვან ფონდს ქმნიან აღნიშნული ხანის მონეტებიც. მხედველობაშია როგორც უცხოური, რომელიც საქართველოში მიმოქცევაში იყო, ისე ქართული მონეტები. ნუმიზმატიკური მასალის საფუძველზე ირკვევა, თუ აღნიშნულ ხანაში საქართველოში რომელი ქვეყნის მონეტები იყო მიმოქცევაში, რაც სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა-კავშირის არსებობის დადგენის საშუალებას იძლევა[16]. XI - XII საუკუნეების საქართველოში მოჭრილი ქართული ფულები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას ქმნიან ქართული სახელმწიფოს თანდათანობით ფორმირებასა და გაძლიერებაზე. მონეტების საშუალებით შეიძლება გაირკვეს ქართული სახელმწიფოს მიწა-წყლის ზრდის ისტორია, საქართველოს მეფეთა ვრცელი და რთული ტიტულატურის ჩამოყალიბება. მათივე მეოხებით ზუსტდება ნარატიული წყაროების ცნობები, ბიზანტიის იმპერიასთან და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობის ფორმები და ხასიათი. მონეტები მნიშვნელოვან ცნობებს იძლევიან ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც[17]. *** უაღრესად მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან XI - XII საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესახებ ამ ხანის ბიზანტიური წყაროებიც. მაგალითად, XI ს-ის ბიზანტიელი ქრონისტის კედრენეს და მისი გამგრძელებლის სკილიცას “ისტორიული მიმოხილვა” მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის გაჩენიდან 1059 წლამდე. [18] კედრენეს ცნობათაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მეფე გიორგი I-სა და ბასილ კეისარს შორის მიმდინარე ომის ცალკეული ეპიზოდები, ცნობები სომხეთის ქალაქ ანისისათვის წარმოებული ბრძოლის თაობაზე, მეფე ბაგრატ IV-ის ქალიშვილის მართაყოფილ მარიამის ბიზანტიაში გათხოვებასა და მის იქ მოღვაწეობაზე. მარიამ დედოფლის მოღვაწეობა საერთოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს XI - XII საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსების შრომებში[19]. კედრენე სკილიცას ცნობები საინტერესოა აგრეთვე მეფე ბაგრატ IV-სა და მის ურჩ ყმას - დიდებულ აზნაურ ლიპარიტ ბაღვაშს შორის წარმოებული ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის ცალკეცული მხარეების, აგრეთვე ქართულ სახელმწიფოში მიმდინარე შინაკლასობრივ ბრძოლაში ბიზანტიის იმპერიისა და თურქ-სელჩუკთა მონაწილეობის გასარკვევად[20]. XI - XII საუკუნეების საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის, ტრაპიზონის სამეფოს დაარსების, სომხეთისათვის (კერძოდ ანისისათვის) წარმოებული ბრძოლის შესახებ საინტერესო ცნობებია მოწოდებული აგრეთვე მიქელ პსელოსის[21], ანა კომნენეს[22], ნიკეტა ხონეატეს[23] შრომებსა და ე.წ. ეფრემის[24] ქრონიკაში, მიქელ პანარეტოსის საისტორიო თხზულებაში[25] ... აღსანიშნავია თავის დროზე ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილის მიერ შენიშნული ტენდენციურობა ბიზანტიელი ისტორიკოსებისა, რომელნიც როგორც წესი, ცდილობენ საქართველო ბიზანტიისადმი დაქვემდებარებულ ქვეყნად მიიჩნიონ, ხოლო გაერთიანებული საქართველოს მეფეებს არასოდეს “მეფე” არ უწოდონ და ისინი მხოლოდ “მთავრის” ტიტულით ან ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიონ. [26] 2 XIII - XV სს. ისტორიის წყაროები საქართველოს თავგადასავალი მონღოლთა ბატონობის პერიოდში დაწვრილებით აქვს აღწერილი უცნობ ქართველ ავტორს, რომელსაც თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია პირობითად ჟამთააღმწერელს უწოდებს. თხზულება შეტანილია “ქართლის ცხოვრების” კრებულში, სადაც ის იწყება ლაშა გიორგის მეფობით და მთავრდება გიორგი V ბრწყინვალის გამეფების აღწერით[27]. თხზულებას აკლია დასაწყისი ნაწილი, რომელიც, როგორც ჩანს, რედაქტორს ჩამოუცლია მისთვის “ქართლის ცხოვრებაში” შეტანისას წინა თხზულებაზე გადაბმის მიზნით. დროთა განმავლობაში დაკარგულა ჟამთააღმწერლის თხზულების ბოლო ვრცელი ნაწილიც, რომელიც გიორგი ბრწყინვალის მეფობას ეხებოდა[28]. ჟამთააღმწერლის თხზულების როგორც წყაროს შესწავლას ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი სპეციალური ნაშრომი მიეძღვნა[29]. ავტორის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. ერთადერთ წყაროს ამ მხრივ მისივე თხზულება წარმოადგენს. იგი იყო გიორგი V- ის ( 1314 - 1346) თანამედროვე, მოსწრებია საქართველოში მონღოლთა ბატონობას და მათ გადაშენებას[30]; სასულიერო და საერო მწერლობაში ღრმად განსწავლული ყოფილა[31], იცოდა მრავალი ენა: ბერძნული, მონღოლური, უიღურული, სპარსული[32]... თხზულების მონაცემებითვე დადგენილია, რომ ყოფილა სამცხიდან[33], პროფესიულ-თანამდებობრივი მდგომარეობით ეკუთვნოდა სასულიერო წრეს[34] სამეფო კართან ახლო ურთიერთობაში იყო. ჟამთააღმწერელი მიუკერძოებელ, სიმართლის მოყვარე ადამიანად ჩანს, საჭიროების შემთხვევაში ის სამღვდელოებასაც მკაცრად აკრიტიკებს. სამართლიანობას მტერსაც კი უფასებს. ჟამთააღმწერლის ნაშრომის მიღწეული ნაწილიდან კარგად ჩანს თხზულების საერთო გეგმა და მიზანდასახულობა. ავტორს თავისი ნაშრომი ქრონოლოგიურად და თემატურად ორ ძირითად ნაწილად ჰქონდა გააზრებული. პირველ ნაწილში (რომელიც დღეს მოღწეულია) ავტორმა აღწერა საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანა იმ ”ჟამამდე”, ვიდრე ქართველებს ”მიეცა ძლევა თათართა ზედა”[35], ანუ ”ვიდრე ჟამამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა”[36]. მეორე ნაწილი (რომლის ტექსტი დაკარგულია) დათმობილი ჰქონდა ქართველთაგან ”თათართა ზედა ძლევის” პერიოდს, ანუ გიორგი ბრწყინვალის ”ჟამს”, მისი მეფობის აღწერას[37]. თხზულების პირველ ნაწილში ავტორი მხოლოდ შემთხვევით და აქა დ იქ, თითო-თითო წინადადების სახით მოიხსენებს მეორე ნაწილიდან ზოგიერთ ფაქტს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ”ეს ხანა მას უმწვერვალეს და სამაგალითო ხანად მიაჩნია”[38], რადგან, მისი აზრით, ამ დროს გათავისუფლდა საქართველო მონღოლთა უღლისაგან, გასწორდა მონღოლთა დროინდელი ყველა უწესობანი და სხვ. ყველაფერი ეს კი, მისი წარმოდგენით, გიორგი ბრწყინვალის სახელს უკავშირდება, მისი იდეალიც გიორგია, რომელმაც საქართველოს დაუბრუნა თამარ მეფის დროინდელი ძლიერება. ავტორი მხოლოდ გიორგის მიმართ ხმარობს მაღალ ეპითეტებს: ”უძლეველი”, ”დიდი”, ”სახელგანთქმული”, ”უმჯობესი ყოველთა”, ”ბრწყინვალე” და სხვა. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ნაშრომის ამ მეორე ნაწილში ავტორის თხრობა აღფრთოვანებული და კმაყოფილებით გამსჭვალული იყო. ჟამთააღმწერლის მთავარი მიზანი და იდეაა (ვგულისხმობთ ნაშრომის მოღწეულ ნაწილს) გვიჩვენოს საქართველოს დაცემა მონღოლთა ბატონობის დროს. მონღოლთა ბატონობა საქართველოში ავტორს შეფასებული აქვს როგორც ”საქართველოს მოოხრება”, ”სრულიადი განწირვა ქართველთა ნათესავისა”, ”საქართველოს სრულიადი მოსპოლვა”[39]. ავტორი არა მარტო აღწერს ამ ისტორიას , იგი მიზეზებსაც ეძიებს. ავტორის თხრობა საერთოდ ამ ნაწილში რომანტიულია[40]. იგი დასაწყისშივე, იქ, სადაც იწყებს თათართაგან საქართველოს მოოხრების ისტორიას, სინანულით აღნიშნავს, თუ ”ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა”, ”უკუქცევა” ”სვე-სვიანის ბედისა, მაღლისა და საჩინოსა”; წარსულში, დავით აღმაშენებლის დროიდან საქართველოს მტრისაგან ძლევა არასოდეს უნახავსო, მონღოლებთან ლაშა გიორგის დამარცხების შემდგომ კი ვითარება შეიცვალა და ჩემს დრომდე ქართველთაგან ”თათართა ზედა ძლევა” აღარ მომხდარაო[41]. მართალია მის დროს მტერი სძლიეს და იგი აღფრფოვანებითაც შეჰხარის გიორგი Vდის სახელმწიფოებრივ ღონისძიებებს, მაგრამ ხანგრძლივი ძნელბედობის შედეგი მრავლადაა: მეფეები უღირსნი გამხდარან, მთავრები - მოღალატეები, უპიროები, თვით სამღვდელონიც კი - ”ბილწის მოქმედნინ. აღწერილ ამბებს ავტორი უპირისპირებს წინარე ხანას, როცა ქართველთა ნათესავი ”სვე- სვიანი” იყო, როცა ქვეყანას ”მეფეთა შორის ბრწყინვალე თამარი” განაგებდა, როცა ”ყველა წინააღმდგომი” ”მეფის მორჩილი” იყო და სხვ. [42]. საქართველოს მოოხრების პირველ მიზეზებს ჟამთააღმწერელი ხედავს თვით საქართველოს ცხოვრებაში. იგი აღწერს რუსუდანისა და ლაშას დროს სამეფო კარისა და ხალხის, მისი თვალსაზრისით, უდარდელ, მიშვებულ ყოფას და ასკვნის: ”რამეთუ განძღეს და იშუებდეს და უწესობად მიდრკეს... ამისათვის აღმოცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოხრებისანი”[43]. მკითხველს რომ გაუთვალისწინოს ისტორიის გაკვეთილი, ავტორი ვრცლად აგვიწერს გავრცელებულ ”უწესობებს”, ”შურს”, ”უსამართლობას”. სწორედ ჟამთააღმწერლის თხზულებაში წინამორბედი ისტორიკოსებისაგან განსხვავებით დიდი ადგილი აქვს დათმობილი ”ბოროტის მოქმედთა” საქმეების გამომზეურებას. ჟამთააღმწერლის ისტორია არის წარსულისა და აწმყოს თავისებურად კრიტიკული შეფასება. ჟამთააღმწერლის თხზულებანი ”საქართველოს მოოხრება” - მონღოლთა ბატონობის პერიოდი - ისე რელიეფურად და დასაბუთებულად არის ნაჩვენები, რომ მარტო საქართველოს მაგალითითაც ნათლად წარმოგვიდგება თუ მონღოლთა დაპყრობითს ომებს რა სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვა საზოგადოდ [44]. მონღოლურმა მძიმე ხარკმა და მუდმივმა მოლაშქრეობამ გამოიწვია ხალხის გაღარიბება და მოსახლეობის ფიზიკური ამოწყვეტა - განსაკუთრებით გლეხობისა; გახშირდა მონღოლთა პოლიტიკის უკმაყოფილებით გამოწვეული აჯანყებები. ურდოთა შორის ამტყდარმა ომებმა გამანადგურებელი გავლენა მოახდინა საქართველოს მეურნეობაზე; მონღოლთა ბატონობის შედეგად სამეფო ხელისუფლება დასუსტდა, ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა, მთავრები გაძლიერდნენ და მონღოლთა მხარდაჭერით სეპარატისტული ბრძოლები დაიწყეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩრდილო კავკასიელი ფეოდალებიც შემავიწროებლად მოქმედებდნენ. ავტორი დიდ ადგილს უთმობს სამცხის მთავრებისა და სამთავროს ამბებს. ნაშრომში უხვად მოიპოვება ცნობები საქართველოს პოლიტიკური წყობილების, საეკლესიო-რელიგიური, სამეურნეო- ეკონომიკური ცხოვრების შესახებ თითქმის ას წელზე მეტი ხნისათვის.დაწვრილებით ვეცნობით აგრეთვე მონღოლთაგან საქართველოს მოსახლეობის ორ აღწერას (1254, 1278) და მონღოლური ბეგარა-გადასახადების სახეობებს. საქართველოს ამბებთან დაკავშირებით ისტორიკოსი ეხება საკუთრივ მონღოლურ სამოხელეო და სამხედრო წყობას, საინტერესო ცნობებს იძლევა მონღოლური ტომების ისტორიიდან, აღწერს მონღოლთა ზნედჩვეულებას, რელიგიას, ყაენთა კარის სისხლიან ინტრიგებს, აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალურ და კლასობრივ ბრძოლებს - ჯიმრების აჯანყებას, რაინდებს[45] და სხვ. ჟამთააღმწერელს ხელთ ჰქონია არა ერთი ისეთი ქართული საისტორიო წიგნი, რომლებიც დღეისათვის შემორჩენილი არაა. მაგალითად, ჯალალ ად-დინის საქართველოში შემოსევების წყაროდ დასახელებულია ”ბერი მღვიმელი”[46], რაჭის ერისთავის კახაბერის შესახებ ამბებისათვის - ”წიგნი მეფეთა ბაღუაშისთა და ნათესავთა მისთა”[47].მას უსარგებლია აგრეთვე სამეფო სიგელებით, აღწერის დავთრებით[48], ზეპირი ცნობებით[49]. მონღოლთა შესახებ ავტორის თხრობა დამყარებულია პირად დაკვირვებებზე, ყაენთა კარიდან გამოსულ დოკუმენტებსა და თვითმხილველი მონღოლთა კარის ისტორიკოსების თხზულებებზე[50]. ავტორი მკაცრი მეცნიერული მოთხოვნებით აგებს თავის ნაშრომს. ახდენს წყაროების დოკუმენტურ და ლოგიკურ შემოწმებას[51]. ჟამთააღმწერლის თხზულება მისი მაღალი ღირსებების გამო ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანად არის შეფასებული პირველხარისხოვან წყაროდ როგორც საქართველოს, ისე მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის შესასწავლად. XIV ს-ის დასასრულს დაიწერა ქსნის ერისთავთა საგვარეულო - გენეალოგიური ისტორია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ”ძეგლი ერისთავთა” სახელით არის ცნობილი[52]. XIVს-ში ქსნის საერისთავო ნახევრად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად - სათავადოდ დ გადაიქცა. ქსნის ერისთავებს, როგორც დამოუკიდებელ დინასტიას, ესაჭიროებოდათ ამ უფლების ისტორიულად დამასაბუთებელი დოკუმენტი და შექმნეს კიდეც იგი დასახელებული მატიანის სახით. ავტორი თხრობას იწყებს უძველესი დროიდან, ქსნის ერისთავთა წინაპრის ქვენიფნეველ როსტომ ბაბილურის ოსეთიდან ლარგვისში მოსვლით და აქ დასახლების ამბით. შემდეგ, ვითომ მას იუსტინიანე კეისარმა ცხრაძმის ერისთავობა უბოძა და ა. შ. ავტორი ასახელებს 24 ერისთავს, მაგრამ სისტემატური თხრობა ერისთავთა შესახებ მას მონღოლების დროიდან აქვს, ხოლო რაც უფრო უახლოვდება თავის დროს, ამბები უფრო შინაარსიანი და ცოცხალი ხდება[53]. თხრობა წყდება XVს-ის დამდეგის ამბებზე. ნაშრომის თავისებურმა მიზანდასახულობამ განსაზღვრა მისი, როგორც საისტორიო წყაროს, საერთო ღირებულება. როგორც ივ. ჯავახიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, აქ ”ვიწროდ არის შემოფარგლული მატიანის თვით მოთხრობაც”, ქსნისა და არაგვის ხეობათა ყოფა- ცხოვრების გარდა ”საქართველოს დანარჩენი და უმეტესი ნაწილი მისთვის თითქოს არ არსებობდა და სახელმწიფო-სამოქალაქო ცხოვრების ამბებისათვის ყური მოყრუებული ჰქონია”[54]. თხზულებაში დაწვრილებით და გულმოდგინედაა აღწერილი ერისთავთა სამხედრო ლაშქრობები, საეკლესიო მოღვაწეობანი, მათ მიერ ეკლესიების, მონასტრების მშენებლობა, ხატების შემოსვა, შეწირულობები მღვდელთმსახურთა პატივისცემა და ა. შ. ნაშრომი ერთ-ერთი სანდო წყაროა XIVს- ის ქსნისა და არაგვის ხეობათა ცხოვრების შესასწავლად. აქაა მოთხრობილი ამ პერიოდში მთის თემების ურთიერთბრძოლის ამბები, მთიელთა დამოკიდებულება ერისთავებთან, სამეფო ხელისუფლებასთან, რამდენიმე ეპიზოდი თემურლენგის შემოსევებიდან. ამის გარდა, აქ ვპოულობთ საინტერესო ცნობებს ყაზან ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული დავით VII-ის შესახებ, რომელიც არაგვის მთიულეთში იყო შეხიზნული. ვეცნობით აგრეთვე დავით VII-ის პოლიტიკურ კონფლიქტს ცხრაძმის ერისთავ შალვა ქვენიფნეველთან და ამ ნიადაგზე ქსნისა და არაგვის მთიელებს შორის სისხლისმღვრელ ბრძოლებს. აქვე ვპოულობთ ცნობას გიორგი V ბრწყინვალის ბრძოლის შესახებ ოს ფეოდალთა წინააღმდეგ გორის გათავისუფლებისათვის და ამავე გიორგის მიერ ეგვიპტის სულთანთან ელჩობის გაგზავნის შესახებ იერუსალიმის ქართული სავანეების დასაბრუნებლად. XIII - XV სს. საქართველოს სახელმწიფო წყობილებისა და სოციალური ურთიერთობის შესასწავლად არაერთი საკანონმდებლო ძეგლი მოგვეპოვება. ამ პერიოდში შეიქმნა: ბექას სამართალი, სამართალი მთიულთათვის - ”ძეგლის დადება”, აღბუღას სამართალი, სახელმწიფო მართვა-გამგეობის კანონ-წესდება - ”ხელმწიფის კარის გარიგება”, უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალთა მიერ კანონიკური განწესებანი ცალკეული ეპარქიებისათვის და სხვ. საკანონმდებლო ძეგლების სიმრავლე XIII - XV სს. შემთხვევითი არ არის. ხანგრძლივმა ძნელბედობამ (მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა და შემდეგ სხვადასხვა დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევები) შეცვალა რა ცხოვრების ვითარება, საჭირო გახდა შექმნილი ახალი მდგომარეობის ნორმირება. ამიტომაც, ბუნებრივია, ყურადღება მიუქცევიათ დარღვეული ძველი წესების აღდგენა- განმტკიცებისათვისაც. სამცხის მთავრის სპასალარ-მანდატურთუხუცესის ბექას სამართლის წიგნი შედგა XIII ს. დამლევს. მისმა შვილიშვილმა სამცხის მთავარმა ათაბაგ- ამირსპასალარმა აღბუღამ XIVს. მეორე ნახევარში შეადგინა ახალი სამართალი, სადაც პირველ ნაწილად უცვლელად შეიტანა ბექას სამართალი. წიგნს აქვს საერთო სათაური - ”წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე”, ძეგლის დედანი მოღწეული არ არის, შემონახულია მხოლოდ ორი ხელნაწერი. პირველი შესრულებულია 1672წელს ხუცურად და წარმოადგენს დედნიდან რამდენჯერმე გადანაწერ ტექსტს მეორე უფრო გვიანდელია, იგი შეტანილია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში საერთო სათაურით: ”სამართალი აღბუღასი”[55]. გამოკვლეულია, რომ ვახტანგის კომისიის მიერ რედაქტირებული ტექსტი საკმაოდ განსხვავდება მასში ”ჩართულ ახსნა-განმარტებათა გამო”, ამასთან ზოგი ძველი ტერმინი შეცვლილია ახლით და ა. შ. არც 1672 წლის ხელნაწერის ტექსტია ყოველთვის კარგად დაცული და ”ზოგან პირიქით, საუკეთესო წანაკითხი სწორედ ვახტანგის კოდიკოს აქვს ხოლმე შენახული”[56]. სამართლის ეს წიგნი განკუთვნილი იყო საქართველოს სამხრეთ ნაწილის, სამცხის სამთავროსათვის; მაგრამ რადგან იმ დროს ბარის საქართველოში ყველგან თითქმის ერთნაირი სოციალური წყობილება არსებობდა (რამდენადმე თავისებური იყო მხოლოდ მთა), ამიტომ ეს წყარო ფაქტიურად გამოიყენება სრულიად საქართველოს მდგომარეობის შესასწავლად. გარკვეულია, რომ 98 მუხლიდან ბექას ეკუთვნის 1 - 65 მუხლი, აღბუღას - 66 - 98. ბექა-აღბუღას კანონების მიხედვით ქართველი საზოგადოება ორ ძირითად მოპირისპირე ბანაკად (კლასად) არის გაყოფილი; ერთს ეკუთვნიან ფეოდალები, მეორეს -უშუალო მწარმოებლები. კანონმდებლობაში საზოგადოების წევრთა უფლებრივი არათანაბრობა გამოხატულია წოდებრიობით. წოდებრივი კუთვნილება განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა მოცულობას. სამართალი საზოგადოების დაჯგუფებას ახდენს სასჯელის მიხედვით, რასაც დაზარალებულის საზოგადოებრივ-წოდებრივი მდგომარეობა უდევს საფუძვლად. სასჯელის ფორმა კი ”სისხლი”, დაწესებულია სხვადასხვა ზომით. მოკლულის ”სისხლის” ფასის მიხედვით საზოგადოებაში გამოყოფილია ოთხი ძირითადი განსხვავებული წოდებრივი ჯგუფი: ”დიდებული”, ”აზნაური”, ”მსახური” და ”გლეხი”, საზოგადოების წევრთა სოციალურ- პოლიტიკური უთანასწორობის გამოსახატავად ძეგლში იხმარება ასეთი ცნებებიც: უფროსი, უმცროსი, ქვემო, ზემო, სწორი ( მუხ.18, 20, 21, 70 და სხვ.). ბექა-აღბუღას სამართალი იცავდა ფეოდალთა საკუთრებას მიწაზე. ამით იგი უზრუნველყოფდა ფეოდალთა პოლიტიკურ ბატონობას . თათარ-მონღოლთა პოლიტიკური ბატონობის პერიოდში მფლობელთა კლასის განვითარება მრავალი ახალი თავისებურებებით ხასიათდება: თუ მაღალი სამოხელეო წრის, დიდებულთა, დამახასიათებლად იქცა კიდევ უფრო მაღალი სოციალური და ეკონომიკური წინსვლა, მფლობელთა დანარჩენი ნაწილისათვის საზოგადო მოვლენა გახდა ეკონომიკური დაკნინება და სოცილურ-წოდებრივი უპირატესობის შენარჩუნების გაძნელება. ყოველივე ეს კი კარგად აისახა კანონმდებლობაში. ისტორიულმა ძნელბედობამ ყველაზე მეტად ყმა გლეხობა დააზარალა. მას თავს დაატყდა ექსპლოატაციის გაძლიერება, შიმშილი, რიცხობრივი შემცირება, მისი უფლებრივი მდგომარეობა. ბექა-აღბუღას სამართალი ცდილობს აღადგინოს და განამტკიცოს დარღვეული ბატონყმური რიგი - ბატონსა და გლეხს შორის დამოკიდებულების ნორმები, როგორც აუცილებელი პირობა, რათა გლეხმა შეძლოს დაკისრებული სოციალური ფუნქციის შესრულება[57]. ჩვენამდე მოაღწია გიორგი ბრწყინვალის დროინდელმა, სავარაუდოა, მისივე დაკვეთით შესრულებულმა, იურიდიულმა ძეგლმა, რომელიც მეცნიერებაში ხელმწიფის კარის გარიგების სახელით არის ცნობილი. კარის გარიგების ტექსტი დაცულია XVII ს-ის ხელნაწერში, რომელშიაც შეტანილია აგრეთვე გიორგი ბრწყინვალის სამართალი მთიულთათვის - ”ძეგლის დადება”. ტექსტს აკლია საკმაოდ დიდი ნაწილი. იგი გადაწერილია არა უშუალოდ დედნიდან, არამედ რამდენჯერმე გადანაწერი პირიდან, რომელშიაც თავდაპირველი დედნის თანამიმდევრობა არეული ყოფილა[58]. ”ხელმწიფის კარის გარიგების” პირველი გამომცემლის ექ. თაყაიშვილის აზრით, ”ძეგლი შედგენილია პრაქტიკულის საჭიროებისათვის, პრაქტიკულის მიზნით, როგორც სახელმძღვანელო ინსტრუქცია კარის კაცებისათვის”. ”ის აგვიწერს უმთავრესად იმ წესწყობილებას, რომელიც არსებობდა საქართველოში მის დროს, რომლის მოწამე და ზოგჯერ აღმასრულებელი თვით იყო შემდგენელი”[59]. ივ. ჯავახიშვილის კარის გარიგება განხილული აქვს საერო საკანონმდებლო ძეგლებში და მიუთითებს კიდეც, რომ ”იგი ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლად უნდა ჩაითვალოს”[60]. უნდა ვიფიქროთ, რომ მოღწეული ხელნაწერი წარმოადგენს ხელმწიფის კარის გარიგების ოფიციალური ტექსტის სამუშაო ეგზემპლარს, რომელიც მის საბოლოო დამუშავებისათვის წინასწარ იყო შესრულებული. ამით აიხსნება, რომ მიღწეულ ტექსტში ზოგ ადგილას ვხვდებით კვლევა ძიების მსჯელობებს, მტკიცებებს (ასეთი რამ სულ სამჯერაა). სწორედ ბედნიერი შემთხვევაა, რომ გადარჩა ამგვარი ტექსტი. იგი საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ მუშაობის მიმართულებასა და მეთოდებს, რითაც მაშინ უხელმძღვანელებია საქართველოს მთავრობას სამმართველო აპარატის ნორმების დადგენისას. ხელმწიფის კარის გარიგება უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტური წყაროა XIV ს-ის პირველი ნახევრის საქართველოს სახელმწიფო წყობილების შესასწავლად. ძეგლში აღნუსხული და განმარტებულია სავაზიროს, დარბაზის, ვაზირთა, სხვა მოხელეთა და მათ ხელქვეითთა უფლება-მოვალეობანი. მონღოლთა თითქმის ასი წლის ბატონობამ დააკნინა ცენტრალური სამმართველო აპარატი. ხელმწიფის კარის გარიგებაში შემოღებული ნორმები განამტკიცებდა ცენტრალურ მმართველობას, პირველ რიგში სავაზიროსა და ვაზირთა როლს; ძეგლში მეფის ერთმმართველობის ფონზე მოწესრიგებულია ერისთავების უფლებრივი მდგომარეობა; კარის გარიგება აწესებს აგრეთვე სამეფო სახლის (კარის), როგორც სახელმწიფოს მმართველობის ცენტრის ყველა სამეურნეო-ადმინისტრაციულ და დისციპლინურ ნორმებსა და ეტიკეტს. კარის გარიგებაში დაცული ცნობები კარგ მასალას იძლევიან აღნიშნული ხანის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის სოციალური მდგომარეობის, მატერიალური კულტურის, დიპლომატიკის და სხვა საკითხების ისტორიის შესასწავლად. ”ძეგლის დადება” წარმოადგენს მთიულთათვის, კერძოდ, ქსნისა და არაგვის ხეობის მოსახლეობისათვის, გიორგი V ბრწყინვალის მიერ დადგენილ კანონებს. ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული და საკმაოდ გვიანდელი ტექსტით, ერთი დაცულია ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულში, მეორე, უფრო ადრინდელი, შეტანილია XVII ს. დაზიანებულ ხელნაწერში[61] (იქვე არის ”სახელმწიფო კარის გარიგებაც”). ”ძეგლის დადება” შეიცავს 46 მუხლს, იგი ძირითადად სისხლის სამართალს წარმოადგენს, ძეგლი ადასტურებს მთის მოსახლეობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის ღრმად შერყევის ფაქტს, რაც ხანგრძლივი ძნელბედობისა და ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შედეგი იყო. მასში ასახულია ”მრავალი უწესობანი”, ”დიდი შფოთი”, ”ულუსობა”, მოსახლეობის გამოსვლა კოლექტიურად: ”სოფლობით”, მთელი ”ხევისა” და ”ქვეყნის” მონაწილეობით, მეფის მოხელეების მკვლელობა, ურთიერთთავდასხმები და სხვ. ძეგლში არეკლილია მთის პროტესტი მეფისა და ეკლესიის პოლიტიკური და სოციალური ბატონობის წინააღმდეგ. ”ძეგლის დადება” ადასტურებს, რომ ადრეფეოდალური განვითარების საფეხურზე მდგომ მთაში ძლიერად იკიდებს ფეხს ექსპლოატაციის მძიმე ფორმები - ბატონყმური ურთიერთობანი, რასაც თავგამოდებით ებრძვის მთა. ”ძეგლის დადება” მდიდარ მასალას გვაძლევს მთაში სოციალური ურთიერთობების შესასწავლად. აქ არის ბატონყმურ - ფეოდალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წოდებანიც: აზნაური, მსახური, გლეხი, მოსახლეობის უმრავლესობას კი ბატონყმობისაგან თავისუფალი მეთემენი - ”მსოფლიონი” შეადგენენ. საქარველოსა და ბიზანტიის ურთიერთობის ამსახველი ცნობები დაცული აქვს ბიზანტიელ ისტორიკოსსა და მწერალს ნიკიფორე გრიგორასს (1290/91 - 1360). მისი საისტორიო თხზულება მოიცავს 1204 - 1359 წლების ამბებს [62]. ნ. გრიგორასის ”ისტორიაში” დაცულია ცნობები იმ პოლიტიკური ბრძოლების შესახებ, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები აწარმოებდნენ ტრაპიზონის სამეფოში თავიანთი გავლენის დასამყარებლად, და იქ ქართული პოლიტიკური გავლენის მოსასპობად. განსაკუთრებით რელიეფურადაა ეს ნაჩვენები ალექსი კომნენოსის (1296 - 1330) მეფობის აღწერისას. საყურადღებოა გრიგორასის ცნობები კონსტანტინოპოლის კარზე ტრაპიზონელი მეფეების ოფიციალური წოდებულობის შესახებ: ”ლაზთა მმართველი”, ”კოლხეთის მფლობელი”, ”ლაზი”. გრიგორასი, როგორც ბიზანტიის იმპერატორთა პოლიტიკის დამცველი, ტრაპიზონის მეფეებს არასდროს მეფის წოდებულობით არ იხსენიებს. XIII - XIV სს-ში საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ამსახველი მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვება ბიზანტიელი ისტორიკოსის მიქელ პანარეტოსის თხზულებაში, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ”ტრაპიზონის ქრონიკის” სახელით[63]. მ. პანარეტოსის თხზულებაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გადმოცემული ტრაპიზონის სამეფოს ისტორია 1204 წლიდან 1426 წლამდე. ავტორი მოღვაწეობდა XIVს. მეორე ნახევარსა და XVს. პირველ მეოთხედში. პანარეტოსი დაახლოებული იყო ტრაპიზონის სამეფო კართან, ყოფილა საქართველოში ბაგრატ V-ის კარზე და სხვ. [64] მ. პანარეტოსის თხზულება იწყება ტრაპიზონის სამეფოს დაარსებით (1204 წელს) და აღნიშნულია თამარ მეფის დიდი როლი ამ ისტორიულ მოვლენაში. მოთხრობილია ბიზანტიის იმპერატორების ბრძოლის ეპიზოდები ტრაპიზონში ქართული სახელმწიფოებრივი გავლენის აღმოსაფხვრელად XIII ს. 80 - 90დიან წლებში; ტრაპიზონის სამეფოში ნარინ დავითის სამხედრო ექსპედიციების, ტრაპიზონის მეფის ასულ ანა კომნენოსზე ბაგრატ V-ის დაქორწინების, სამცხის მთავრებთან დინასტიური კავშირის შესახებ და სხვ. აღწერილია აგრეთვე თემურლენგის მიერ თბილისის აღება, გაძარცვა და აოხრება, ბაგრატ V-ის ტყვედ ჩავარდნა მეუღლითა და შვილით. ცნობები საქართველოს შესახებ მოეპოვებათ აგრეთვე აღნიშნული ხანის სხვა ბიზანტიელ მწერლებსაც[65]. მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვეს XIII - XV სს- ის ევროპელმა ავტორებმა, რომლებიც მახლობელ ან შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდნენ დიპლომატიური და სავაჭრო მიზნით. XIII ს-ის 40-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ცნობები დაცულია რომის პაპის ელჩის იტალიელი იოანე დე პლანო კარპინის (1182-1253) წიგნში[66]. კარპინი 1246/47წწ. ელჩად იყო მონღოლებთან, ჯერ ბათო ყაენთან ოქროს ურდოში, შემდეგ დიდ ყაენთან გუიუქთან. პლანო კარპინს დასახელებულ წიგნში რამდენიმე ადგილას აქვს საუბარი ქარველებისა და საქართველოს შესახებ. მისი თხრობა ემყარება მონღოლთა დიდი ყაენის კარზე საკუთარი თვალით ნანახ და იქ მყოფ ქართველებისაგან მოსმენილს. ავტორს პირადად უნახავს ყურულტაიზე ქართველი უფლისწულები დავით რუსუდანის ძე და დავით ლაშა გიორგის ძე, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ მეფობის დასამტკიცებლად. ავტორი აღწერს გუიუქ ყაენის მიერ 1246 წელს, აგვისტო- ნოემბერში, საქმის მონღოლური სამართლით გადაწყვეტას (ორივე დავითის დამტკიცებას საქართველოს მეფეებად), ლაპარაკობს საქართველოზე შეწერილი სამონღოლო ხარკის რაოდენობის, ქართველების მიერ განზრახული აჯანყებისა და სხვათა შესახებ. მოკლე, მაგრამ საყურადღებო ცნობები მოიპოვება იტალიელი (ვენეციელი) მოგზაური მარკო პოლოს (დაახლ. 1254 - 1324) წიგნში. მარკო პოლო ჯერ კიდევ ჭაბუკი ახლდა მამასა და ბიძას ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში სადაც ისინი სავაჭრო საქმეების გამო მოგზაურობდნენ. 1271წელს ის მამამ ჩაიყვანა ჩინეთში. აქ მარკო პოლომ შეისწავლა მონღოლური ენა, ასრულებდა ყაენის ადმინისტრაციული ხასიათის დავალებებს, რის გამოც უხდებოდა მონღოლთა დაპყრობილ ტერიტორიებზე მოგზაურობა, იყო სომხეთში, 1295წელს ის სამშობლოში დაბრუნდა. მარკო პოლოს ცნობები გვატყობინებს, რომ საქართელოში მეაბრეშუმეობა დიდად ყოფილა განვითარებული, ისე რომ ქვეყანა გენუელებთან აბრეშუმით ვაჭრობდა; აქვე ვგებულობთ თბილისის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობისა და სხვათა შესახებ[67]. XIVს- ის 50 - 70 დიანი წლების საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია შეტანილი იტალიელი (ვენეციელი) მოგზაურისა და დიპლომატის იოსაფატ ბარბაროს (1413 - 1494) წიგნებში: ”მოგზაურობა ტანაში” და ”მოგზაურობა სპარსეთში” [68]. იოსაფატ ბარბარო 1436 - 1452 წლებში ცხოვრობდა აზოვის სანაპიროზე დონის შესართავთან მდებარე ვენეციელთა კოლონია ტანაში, სადაც ეწეოდა ვაჭრობას თევზით და ძვირფასი ქვებით. როგორც ვაჭარს, მას მიმოსვლა უხდებოდა ახლო-მახლო და შორეულ ქვეყნებში. ამ პერიოდში ის ყოფილა საქართველოშიც, კერძოდ, სამეგრელოში. ვენეციაში დაბრუნების შემდეგ კი ბარბარო მოღვაწეობდა პოლოტიკურ-დიპლომატიურ ასპარეზზე. 1473 - 1479 წლებში იყო ვენეციის რესპუბლიკის ელჩად ირანის შაჰის კარზე, მას უნდა ეთხოვა უზუნ ჰასანისათვის ოსმალებთან ომის დაწყება, მაგრამ მისია ვერ შეასრულა. მოგზაურობიდან დიდი ხნის შემდეგ, 1488/89 - 1492 წწ-ში, ტანაში გატარებული ცხოვრება და სპარსეთში მოგზაურობა მან აღწერა ორი ნაწილისაგან შემდგარ ნაწარმოებში, ეს წიგნები ერთმანეთს ავსებენ და მოტანილი ცნობების ქრონოლოგიური გამიჯვნა ზოგჯერ გაძნელებულია. სპარსეთში ყოფნის დროს იოსაფატ ბარბარო უზუნ ჰასანს თან ახლდა საქართველოში ლაშქრობისას. იგი დასწრებია საზავო მოლაპარაკებასაც და ცდილობდა ქართველებს რაიმეთი დახმარებოდა (ქართველებს მასთან ფარული კონტაქტი ჰქონდათ). ბარბაროს ცნობები ეხება აგრეთვე სამეგრელოს სამთავროს, საქართველოს მეფეს, მოსახლეობას, კვებას, ჩაცმა-დახურვას, მეურნეობას, თბილისს, ქუთაისს, გორსა და სხვ. ბარბარო აღნიშნავს საქართველოში მოსახლეობის სიმცირეს, საკვებისა და ფულის ნაკლებობას. საერთოდ, მისი ცნობების მიხედვით, საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად დაქვეითებულ ქვეყნადაა წარმოდგენილი. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული (ვენეციელი) ელჩის ამბროჯო კონტარინის წიგნში ”მოგზაურობა სპარსეთში”[69]. კონტარინი 1474 - 1477 წლებში იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის ელჩად სპარსეთში; მას სპარსეთის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა დაეთანხმებია თურქეთთან ომის განახლებაზე. ამბროჯო კონტარინის მოგზაურობის წიგნი ემყარება მის მიერ მოგზაურობისა და ელჩობის პერიოდში შესრულებულ ჩანაწერებს. კონტარინს ორჯერ მოუხდა საქართველოში ყოფნა: პირველად, სპარსეთისაკენ მიმავალი, 1474 წ. 20 ივნისიდან 20 ივლისამდე იყო. ის შავი ზღვით, კაფიდან ეწვია ბათომს, გაიარა გურია, ფოთი, სამეგრელო, ქუთაისი, სკანდა, გორი, ლორე, და სომხეთით ჯერ თავრიზში, შემდეგ კი ისპაჰანში ჩავიდა. აქ კონტარინი შეხვდა იოსაფატ ბარბაროს, უზუნ ჰასანმა იგი მიიღო მაგრამ მისია ვერც კონტარინმა შეასრულა, მეორედ, სამშობლოში მიმავალი 1475წ. ივნისიდან ოქტომბრამდე იყო საქართველოში. კონტარინს აქვს ცნობები ბათომის, ფოთის, ქუთაისის, სკანდას, გორის, თბილისის, ლორეს, და სხვათა შესახებ. წიგნში აღწერილია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები. კონტარინის ცნობები ზოგ შემთხვევაში ემთხვევა და ავსებს ბარბაროს ცნობებს. ცნობები აღნიშნული პერიოდის საქართველოს შესახებ დაცულია აგრეთვე რუბრიკის (XIII ს.), კლავიხოსა და შილტბერგერის (XIV - XV სს. მიჯნა) შრომებში[70]. ბ. სომხური წყაროები არაქართულ წერილობით წყაროებს შორის, რომელთაც ვიყენებთ XI - XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად, სომხურ წყაროებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს აიხსნება ძირითადად შემდეგი მიზეზებით: ჯერ ერთი, აღნიშნული ხანის საზოგადოდ მდიდარ სომხურ საისტორიო მწერლობაში მოიპოვება ცნობები არა მხოლოდ საკუთრივ სომხეთისა და კილიკიის სომხური სახელმწიფოს, არამედ მათი მეზობელი, კავკასიისა თუ წინა აზიის, მრავალი ქვეყნისა და ხალხის შესახებაც. მეორეც, მოყოლებული X ს. დასასრულიდან საქართველოს სახელმწიფოს სამეფო-სამთავროებად დაშლამდე ქართველი მეფეები იბრძვიან სომხეთიდან უცხოელ დამპყრობთა განსადევნად, სომხური მიწადწყალი სხვადასხვა დროს განსხვავებული ოდენობით საქართველოს სამეფოს შემადგენელი ნაწილი ხდება; ამასთანავე საკუთრივ საქართველოში მრავლად მოილტვის და მკვიდრდება უცხოელთა თარეშებით განაწამები, მშობლიური ქვეყნიდან აყრილი სომხური მოსახლეობა და ყოველივე ეს, ბუნებრივია, ზრდის ისტორიული სომხეთის ფარგლებში ან მის გარეთ მცხოვრებ სომეხ ისტორიკოსთა თუ მოღვაწეთა ინტერესს საქართველოს მიმართ. არისტაკეს ლასტივერცი (XI ს.). აღნიშნული ხანის სომეხ ისტორიკოსთა შორის არისტაკესს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. მისი ბიოგრაფია ძირითადად უცნობია. იგი სასულიერო პირი, მოძღვარი (ვარდაპეტი) ყოფილა. მისი დაბადების ადგილი - ლასტივერი, ფიქრობენ რომ არზრუმის მახლობლად მდებარეობდა, თუმცა ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ მისი ადგილმდებარეობა გაურკვეველია. არისტაკესის “ისტორია”[71] იწყება XI ს. დამდეგის ამბებით და შეიცავს ცნობებს 1071 წლამდე. თხზულება სისტემატური თხრობის წესით არ არის აგებული, იგი სხვადასხვა ფაქტის ანაქრონული გადმოცემაა. არისტაკეს ლასტივერცი ეკუთვნის იმ ისტორიკოსთა წყებას, რომლებიც სასულიერო მწერლობისა და საეკლესიო დოგმების დიდ გავლენას განიცდიან. თანადროული პოლიტიკური ვითარების შესახებ თხრობისას იგი ძალიან ხშირად მიმართავს საღვთო წერილს. მიუხედავად ამისა, როგორც თანამედროვისა და ხშირად თვითმხილველის მიერ დაწერილი, არისტაკესის “ისტორია” მრავალ ძვირფას ცნობას გვაწვდის ამიეკავკასიის მიმართ ბიზანტიის დამპყრობლური პოლიტიკის, სელჩუკთა ლაშქრობების, მათ მიერ ჩადენილი საშინელებებისა და სხვა საკითხების შესახებ. მათეოს ურჰაეცი. დაიბადა XI საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ედესაში (ურჰა). გარდაიცვალა იქვე 1138 - 1144 წლებს შორის. მონაზონ მათეოს ურჰაეცის ქრონიკა[72], რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან, იწყება 952 წლიდან და მოდის 1136 წლამდე. მნიშვნელოვანია მეორე (1051 - 1101) და მესამე ნაწილი (1101 - 1136), განსაკუთრებით მესამე. ფიქრობენ, რომ მათეოსი ქრონიკის წერას შეუდგა 1113 წელს. ძნელბედობის გამო სომეხი ხალხი, უფრო მეტად XI საუკუნიდან, ისტორიულ სომხეთს გარდა სხვა მრავალ მხარეშიც ბინადრობდა. ამან განაპირობა ის, რომ მათეოსი ცნობებს გვაწვდის ყველა იმ სამეფო-სამთავროს შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებული იყვნენ სომხები. საქართველო, აზერბაიჯანი, არაბთა სახალიფო, ბიზანტია, ეგვიპტე, თურქ სელჩუკთა და ჯვაროსანთა სამეფო- სამთავროები, ბულგარეთი, ამ სახელმწიფოთა ურთიერთობები, ასე თუ ისე ექცევა მათეოს ურჰაეცის თვალსაწიერში. ქრონიკაში დაცულია ზოგი ისეთი საყურადღებო ცნობა, რომელსაც ვერ ვხვდებით თანადროულ ბიზანტიურ, არაბულ, სირიულ და ლათინურ საისტორიო თხზულებებში. მათეოს ურჰაეცის ქრონიკას 1162 წლამდე აგრძელებს ხუცესი გრიგორ ქესუნცი, რომელიც იმავე პრინციპით წერს [73]. სამველ ანეცი. ამ ვატორის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი ანელი ხუცესია და ცხოვრობდა XII საუკუნეში. მის კალამს ეკუთვნის ქრონოგრაფია[74], რომელიც იწყება ადამიდან და მთავრდება 1180 წლის ამბებით. უცნობმა ავტორებმა ქრონიკა გააგრძელეს XVII საუკუნემდე. სამველ ანეცის თხზულებაში მრავალი ხალხის შესახებ გვხვდება მოკლე ცნობები, სომხეთზე კი შედარებით ვრცლადაა მოთხრობილი. XII ს. საქართველო-სომხეთის ურთიერთობის შესასწავლად სამველ ანეცისთან ვხვდებით ზოგ ისეთ ცნობას, რომელიც სხვა წყაროებს არ შემოუნახავს. ”ქართლის ცხოვრების” სომხური თარგმანი. XII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი ქართულიდან სომხურად ქართლის ცხოვრება[75], რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებით მთავრდება. ეს ძეგლი მრავალმხრივაა საყურადღებო და, კერძოდ, იმით, რომ იგი იძლევა დამატებით მასალას ქართველ- სომეხთა ურთიერთობის შესასწავლად. სომეხ მთარგმნელს სომხური საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ზოგჯერ შეაქვს ახალი ცნობები, ხოლო დედნის ზოგიერთ ადგილს უბრალოდ კი არ თარგმნის, არამედ რამდენადმე ასხვაფერებს კიდეც. მხითარ გოში. ცნობილი სომეხი ღვთისმეტყველი და საზოგადო მოღვაწე მხითარ გოში დაიბადა ქ. განძაში, XII საუკუნის I ნახევარში. თავისი დროის კვალობაზე მან საფუძვლიანი განათლება მიიღო. ძირითადად მოღვაწეობდა იმხანად საქართველოს ფარგლებში მდებარე გეტიკისა და ნორ გეტიკის მონასტრებში, რომელთაგან უკანასკნელი მის მიერვე იყო დაფუძნებული. გარდაიცვალა 1213წელს. მხითარ გოშის თხზულებიდა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამი ნაშრომი: ”ალბანეთის ქრონიკა”, მეპისტოლე მხითარ ვარდაპეტისა, რომელსაც გოში ეწოდებოდა” და ”სომხური სამართლის წიგნი”. ”ალბანეთის ქრონიკაში”[76], გარდა ალბანთა მღვდელმთავრების სიისა, მოცემულია საკმაოდ ვრცელი ცნობები განძის საამიროსა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიიდან 1139 - 1162 წლებს შორის. მოკლედ გადმოცემულია ანისისათვის ქართველთა შემდეგდროინდელი ბრძოლების შესახებაც. ”ეპისტოლე მხითარ ვარდაპეტისა, რომელსაც გოში ეწოდება”[77] დაწერილია 1193 - 1206 წლებს შორის. ძეგლი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოში მცხოვრებ მონოფიზიტ სომხებს შორის XII ს. დასასრულისათვის ქალკედონიანობის გავრცელების საკითხის შესასწავლად. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თხზულებას ატყვია შემდეგდროინდელი გადაკეთების კვალი, რაზედაც მისი ჩვენამდე მოღწეული სათაურიც მიუთითებს. ”სომხური სამართლის წიგნი”[78] შუქს ჰფენს საქართველოს მეზობელი თუ საქართველოს სახელმწიფოში შემომავალი სომხური ოლქების ფეოდალური საზოგადოების ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს, მაშინ როდესაც საისტორიო თხზულების ავტორები ჩვეულებრივ მხოლოდ პოლიტიკური, სამხედრო და საეკლესიო ამბების თხრობით არიან გატაცებული. კირაკოს განძაკეცი (XII ს. დასაწყისი - 1271). კირაკოსი სომხური საისტორიო მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავდაპირველად სწავლობდა ნორ გეტიკის სავანეში, ხოლო მხითარ გოშის გარდაცვალების შემდეგ გახდა მხითარ გოშის მოწაფის, ცნობილი ვანაკან მოძღვრის მოწაფე. თავის მასწავლებელთან ერთად 1236 წ. ტყვედ ჩაუვარდა მონღოლებს, მაგრამ მალე გაიქცა და ტყვეობას თავი დააღწია. კირაკოს განძაკეცი 1241 წ. შეუდგა ”სომხეთის ისტორიის”[79] წერას. მისტორიან იწყება გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის აღწერით და გრძელდება 1265 წლამდე. IV - XII სს. ამსახველი ნაწილი წინამორბედ ისტორიკოსთა შრომების შემოკლებაა, XIIIს. ისტორია კი კირაკოსს შედარებით ვრცლად აღუწერია. თხზულების ამ მონაკვეთში იგი ძირითადად აღწერს თავისი თვალით ნანახს ან თვითმხილველთაგან ნაამბობს. იყენებს წერილობით წყაროებსაც. მაგალითად, როდესაც ვრცლად მოგვითხრობს მონოფიზიტთა “ქართულ რჯულზე” მოქცევის მიზნით XIII ს. დასაწყისში საქართველოს სამეფო ხელისუფლების ინიციატივით მოწვეული ლორესა და ანისის საეკლესიო კრებების მსვლელობის შესახებ, კირაკოსი დასძენს, რომ ცნობები ყოველივე ამის ირგვლივ მას ამოუღია აღნიშნული ამბების თვითმხილველის, თავისი სახელგანთქმული მასწავლებლის ვანაკან მოძღვრის ჩვენამდე მოუღწეველი თხზულებიდან. კირაკოსის “ისტორიის” ის ნაწილი, რომელიც XIII საუკუნეს ეხება, მეტად ძვირფასი, სანდო პირველწყაროა სელჩუკთა საამიროების წინააღმდეგ საქართველოს სამეფოს ბრძოლის ისტორიის, საქართველოს სამეფოს სამსახურში მხარგრძელთა დაწინაურების, ქართველ-სომეხთა ურთიერთობის, ამიერკავკასიაში მონღოლთა გამაჩანაგებელი ლაშქრობების, მათი ბატონობის, წეს-ჩვეულებებისა და სხვა საკითხების შესასწავლად. ვარდან არეველცი. ვარდანი დაბადებული უნდა იყოს დაახლოებით 1200 - 1210 წლებს შორის ქ. განძაში, ან მის სანახებში. კირაკოს განძაკეცთან ერთად იგი იყო მოწაფე ვანაკან მოძღვრისა. 1264 წ. ჰულაგუ ხანმა ვარდან არეველცი თავის კარზე მიიწვია. გარდაიცვალა 1271 წ. ვარდან არეველცის თხზულებათაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. “მსოფლიო ისტორია”[80], რომელიც იწყება ქვეყნის დასაბამიდან და გრძელდება 1267 წლამდე. სომხეთის გარდა აქ გვაქვს ცნობები პალესტინის, სპარსეთის, ბიზანტიის, არაბეთის, საქართველოს, თურქების, მონღოლებისა და სხვათა შესახებ. XI საუკუნიდან მოყოლებული თხზულება გაცილებით უხვ ცნობებს გვაწვდის. ვარდან არეველცის “მსოფლიო ისტორია” კომპილაციაა. თვით თავის თანამედროვე ეპოქის შესახებაც კი ვარდანს ცნობები ვანაკან მოძღვრისა და კირაკოს განძაკეცის თხზულებებიდან ამსოუკრებია, მხოლოდ დაწვრილებით აღუწერია ჰულაგუ-ხანის კარზე მისი ყოფნა. მიუხედავად ამისა, “მსოფლიო ისტორია” მეტად საყურადღებო პირველწყაროა, რადგან ვარდანი სარგებლობდა ჩვენამდე მოუღწეველი წყაროებით. მაგალითად, საქართველოს შესახებ ვარდანს ბევრი ცნობა ამოუღია XII ს. დასასრულის მოღვაწე ანისის დეკანოზ მხითარ ანეცის “ისტორიიდან”, რომლის უდიდესი ნაწილი, სადაც საქართველოს შესახებაც უნდა ყოფილიყო ცნობები, დაკარგულად ითვლება. ბოლო ხანებში ვარდან არეველცის გადაჭრით მიაკუთვნეს “გეოგრაფია”[81], რომლის ავტორის ვინაობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. “გეოგრაფია” საყურადღებო ცნობებს შეიცავს არა მარტო სომხეთის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების შესახებაც. გრიგორ აკნერცი (XIII ს.). ლიტერატურაში ადრე გრიგორ აკნეცი მალაქია ბერის სახელით იყო ცნობილი. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არა გვაქვს. როგორც მისივე “ისტორიიდან” ჩანს, იგი ვანაკან მოძღვრის მოწაფე უნდა ყოფილიყო და ვარდან არეველცისა და კირაკოს განძაკეცთან ერთად უნდა ესწავლა. გრიგორ აკნერცის “მოისართა ტომის ისტორია”[82] მოიცავს 55 წლის (1220-1275) ამბებს. ავტორი აღწერს მონღოლთა გამოჩენას, მათ შემოსევებსა და გაბატონებას ამიერკავკასიასა და მახლობელი აღმოსასავლეთის ქვეყნებში. ძეგლი საყურადღებო ცნობებს გვაწვდის მონღოლთა მფლობელობის ხასიათისა და დაპყრობილ ხალხთა ისტორიის საკითხების შესასწავლად. გრიგოლ აკნერცი ხშირად იგივე ამბებს გადმოგვცემს, რასაც კირაკოს განძაკეცი და ვარდან არეველცი, მაგრამ ზოგიერთი დეტალი განსხვავებულია და ავსებს მათ ცნობებს. სტეფანოს ორბელიანი, სომხური ისტორიოგრაფიის ბრწყინვალე წარმომადგენელი ს. ორბელიანი წარმომავლობით ქართველი იყო და ქართული ენა, როგორც ჩანს, სცოდნია. იგი იყო შვილი ტარსაიჭ ორბელიანისა, აღუზრდია უშვილო ბიძას. სტეფანოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს. II ნახევარში. 1285 წ. ხდება ტათევის მიტროპოლიტი. გარდაცვლილი ჩანს 1304 წ. სტეფანოს ორბელიანი თავის “სიუნიქის ისტორიაში”[83] საზოგადოდ მოგვითხრობს სიუნიქის მთავრების შესახებ, ხოლო რაკი ამ ქვეყნის მთავრები გარკვეული დროიდან ორბელები იყვნენ, ამიტომაც მის თხზულებაში მოიპოვება საგანგებო თავი, სადაც ორბელთა წარმომავლობისა და თავგადასავლის შესახებ უხვი ცნობებია მოცემული. სტეფანოსის, როგორც ისტორიკოსის, დიდ ღირსებად ითვლება ის, რომ იგი იყენებს მთელ რიგ დოკუმენტურ წყაროებს, ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერთა ანდერძ- მინაწერებს და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ სტეფანოსი ხედავს ქვეყნის გეოგრაფიული აღწერის, ადმინისტრაციული დაყოფის აღნიშვნის საჭიროებას საისტორიო თხზულებაში. მისი დროის ისტორიკოსთაგან განსხვავებით, სტეფანოს ორბელიანი შედარებით ნაკლებადაა მოქცეული სარწმუნეობრივი დოგმების გავლენის ქვეშ და მოვლენები ყოველთვის ღვთის ნების გამოვლენად კი არ ესახება, არამედ რეალური საფუძვლით ცდილობს მათ ახსნას. იგი მოვლენათა შორის მიზეზს-შედეგობრივ კავშირს ამჩნევს. XIII ს. მდიდარი სომხური საისტორიო მწერლობის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე სმბატ სპარაპეტის მატიანე[84] და მხითარ აირივანეცის ქრონოგრაფია[85]. XIV - XV საუკუნეები სომხური ისტორიოგრაფიის დაკნინების ხანად უნდა ჩაითვალოს. შეიძლება მოვიხსენიოთ მხოლოდ XV ს. I ნახევრის მოღვაწე თოვმა მეწოფეცი. მისი “ლანგ თემურის ისტორია”[86] წყაროების ნაკლებობის პირობებში საკმაოდ საყურადღებო ძეგლია თემურლენგის დაპყრობების, განსაკუთრებით თემურის მემკვიდრეობის ისტორიის, იმდროინდელი სომხური საზოგადოებრივი აზრისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხების შესასწავლად. XIII - XV სს. მანძილზე შედგენილ იქნა რამდენიმე ე.წ. “წვრილი ქრონიკა”[87], რომლებიც განსაკუთრებით ქრონოლოგიის საკითხების შესასწავლად იძლევიან ძვირფას მასალას. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის საინტერესო ცნობებს ზოგჯერ XV საუკუნის შემდეგ შექმნილ სომხურ საისტორიო თხზწულებებშიც ვხვდებით. საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად საყურადღებო ძეგლებიდან ისტორიკოსთა და ქრონისტთა თხზულებების გარდა უნდა აღინიშნოს აგრეთვე სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები[88], ეპიგრაფიკული ძეგლები[89] და წმინდანთა ცხოვრება[90]. გ. არაბული წყაროები XI - XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდის არაბულენოვან ნარატიულ წყაროებს. არაბულ საისტორიო მწერლობაში მისი ჩამოყალიბების დროიდანვე ჩნდება ცნობები საქართველოს შესახებ. ადრეული ხანის (IX - X სს.) არაბ მწერალთა ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლები იყვნენ იაჰია ანტიოქიელი, ალ-ფარიკი, იბნ შადადი, ალ-ჰუსაინი, ალ-იაკუთი, იბნ ალ-ასირი, ან-ნასავი, სიბტ იბნ ალ- ჯაუზი, ზაქარია ყაზვინი, აბუ ლ- ფიდა, ან-ნუვაირი, ალ-უმარი, ალ-კალკაშანდი, ალ-მაკრიზი, ალ-აინი, იბნ არაბ შაჰი და სხვ. იაჰია იბნ საიდ იბნ იაჰია ალ-ანტაქი (ანტიოქიელი) XI ს-ის პირველი ნახევრის ეგვიპტელი არაბი მწერალია; დაბადებული უნდა იყოს X ს-ის 70-იან წლებში, გარდაიცვალა დაახლოებით 1066 წელს. 1014 - 1015 წლამდე ცხოვრობდა სამშობლოში (კაიროსა და ალექსანდრიაში), შემდეგ გადავიდა ანტიოქიაში და იქვე დაასრულა თავისი სიცოცხლე. თავიდან მას მედიცინა იზიდავდა, მაგრამ 1006 - 7 წელს, სხვების დავალებით, დაუწყია თავისი წინამორბედი ნათესავის, ალიქსანდრიის პატრიარქის ევტიხის ისტორიული თხზულების (“ძვირფასი ქვების ძაფი”) გაგრძელება, რომელიც ცნობილია “თარიხ აზ-ზაილის” (“მატიანის გაგრძელება”) სახელწოდებით. თხზულება ორ ტომადაა დაწერილი, მთავრდება 1066 წლის ამბებით, თხრობა მიმდინარეობს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით. ”თარიხ აზ-ზაილის” სრული ტექსტი გამოცემული არ არის. ცნობილია მისი რამდენიმე ხელნაწერი - დამასკოს, პარიზის, ფადლალაჰ სარუფის - ბეირუთში და პორფილე უსპენსკის. ეს უკანასკნელი ხელნაწერი ყველაზე ადრინდელი და სრულია. მისი ნაწილი, რომელშიც ასახულია ბიზანტიის კეისრის ბასილ II-ის (976 - 1025) ცხოვრება მოღვაწეობის ძირითადი მომენტები, რუსულად თარგმნა და 1883 წელს გამოაქვეყნა ბარონმა ვ. როზენმა[91]. მასში საყურადღებო ცნობებია მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის. ავტორი გვამცნობს: ბასილ II-ის წინააღმდეგ ამბოხებული ბარდა ფოკას ვაჟის - ნიკიფორე კოჭლის გამოცხადებას ტაოს მფლობელ დავით დიდ კურაპალატთან, რათა ამ უკანასკნელს დახმარება აღმოეჩინა კეისრის სარდლის ტარონიტის დასამარცხებლად; დავითის მიერ ბაგრატის ორი ვაჟისა და 1000-კაციანი მაშველი რაზმის გაგზავნას, მათ გამარჯვებას და სამშობლოში დაბრუნებას; ამის გამო ბასილის განრისხებას და 990 წ. ჯაკ რუსის სარდლობით ლაშქრის გამოგზავნას, ბრძოლაში ბაგრატის ვაჟების დამარცხებას, დავითის შეწყალებას და კურაპალატად დანიშვნას იმ პირობით, რომ გარდაცვალების შემდეგ, ვითარცა უმემკვიდრეო, თავის სამფლობელოს ბიზანტიის კეისარს დაუტოვებდა; დავით კურაპალატის გარდაცვალებას (1001წ.), ტაოს გადასვლას ბიზანტიის ხელში და 1019 წელს გიორგი I-ის მიერ ამ ტერიტორიის კვლავ შემოერთებას; ქართველი მეფის ცდას შეუთანხმდეს ეგვიპტის ხალიფას ალ- ჰაქიმს, რომ მოაწყონ ერთდროული ლაშქრობა კეისრის წინააღმდეგ სხვადასხვა მხრიდან; ამ მოლაპარაკების ჩაშლას, ბასილის ლაშქრობას საქართველოში 1020 წელს, გიორგი I-ის დამარცხებას და საქართველოს აწიოკებას; ხელახალი ლაშქრობისათვის კეისრის მზადებას 1022 წელს, გიორგი მეფის დამორჩილებას, ბაგრატ გიორგის ძის დაბრუნებას კონსტანტინოპოლიდან, მის გამეფებას საქართველოში და ბასილ II-ის მიტაცებული ტერიტორიების შემოერთებას. იაჰია ანტიოქიელის ეს ცნობები ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოყენებული აქვს ივ. ჯავახიშვილს[92]. აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი დაიბადა 1116 წელს ქ. მაიაფარიკინში[93]; ბევრ დროს ანდომებდა მოგზაურობას. 1153 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეფე დემეტრე I-ის კარზე. ალ-ფარიკის ეკუთვნის ისტორიული თხზულება ”თარიხუ ლ-მაიაფარიკინა” (”მაიაფარიკინის ისტორია”), რომელიც დასრულდა 1165წელს. ნაშრომში თავმოყრილია ხანგრძლივი მოგზაურობის დროს შეგროვილი მასალები; გადმოცემულია თვითნანახი და მოსმენილი ამბები. ”თარიხუ ლ-მაიაფარიკინის” სრული ტექსტი ჯერ გამოცემული არ არის მისი ცალკეული ნაწყვეტები თარგმნეს ს. ქასრავიმ[94], ვლ. ფუთურიძემ [95]ვ. მინორსკიმ [96]და მამედოვმა[97]. ექსცერპტის არაბული ტექსტი გამოაქვეყნა გ. წერეთელმა[98]. ალ-ფარიკის “მაიაფარიკინის ისტორიაში” მოთხრობილია ამბავი დავით აღმაშენებლის მიერ მაჰმადიან გამგებელთა კოალიციური ლაშქრობის დამარცხებისა დიდგორის ველზე (1121წ), ქართველი მეფის მიერ თბილისის აღებისა (1122წ.), ქალაქში მცხოვრები მუსლიმანების შეწყალებისა და იმ წესების შესახებ, რაც დავითმა შემოიღო მათთვის. იქვე საინტერესო ცნობებია ჯაფარიანთა არაბული გვარის გადაშენების შემდეგ თბილისში დამყარებული საქალაქო მმართველობის შესახებაც. ისტორიკოსი დიდად აფასებს ქართველ მეფეებს - დავითსა და მის მემკვიდრე დემეტრეს. ალ-ფარიკის “თარიხ ლ-მაიაფარიკინა” ერთ- ერთი საუკეთესო ისტორიული წყაროა XII ს. საქართველოს ისტორიის შესასწავლად. ამავე პერიოდის საქართველოს შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული აგრეთვე ბაჰადად-დინ აბუ ლ-მაჰასინ იუსუფ იბნ შადადის (1145 - 1234) ისტორიულ ნაშრომში - “ქითაბ სირათი სალაჰ ად-დინ (“სალაჰ ად-დინის ბიოგრაფია”), რომელიც, 1899 - 1900წწ. გამოიცა კაიროში. ნაშრომში ვრცლადაა წარმოდგენილი პირველი აიუბი სულთნის დროს ეგვიპტის ურთიერთობა გარე სამყაროსთან, კერძოდ მასში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ 1192/3წ. სალადინის კარზე გამოცხადებულან საქართველოს მეფის ელჩები, რომლებსაც მისთვის გადაუციათ თამარის წერილი და 200 ათასი დინარი მუსლიმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრის მონასტრის გამოსახსნელად. ჩვენი ქვეყნის წარსულის შესასწავლად დიდმნიშვნელოვანი ძეგლია “ახბარუ დ-დავლათი ს-სელჯუკიათი” (“სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია”), ანუ სხვანაირად “ზუბდათუ თ-თავარიხი ახბარ ՙუმარაՙ უ ვა ლ-მულუქი ს- სალჯუკიათი”(“ისტორიის ნაღები, რომელიც მოგვითხრობს სელჩუკ ამირებსა და მეფეებზე”).თხზულების ავტორად პირობითად მიჩნეულია სადრ ად-დინ აბუ ლ- ჰასან იბნ ´ალი იბნ ნასირ ალ-ჰუსაინი, ხვარაზმშაჰ ალა-ად-დინ თექეშის (1172 - 1200)მოხელე. თხზულებაში თხრობა გრძელდება 1231 წლამდე და წყდება ხვარაზმშაჰ ჯალალ ად-დინის ცხოვრების აღწერით. თხზულების არაბული ტექსტი გამოსცა მუჰამად ეყბალმა ლაჰორში 1933 წელს [99]. ეყბალისეული გამოცემის არაბული ტექსტი თურქულად თარგმნა ნეჯათ ლუღალმა[100]. ალჰუსაინის ამ ნაშრომში ვრცლადაა აღწერილი ქრისტიანულ ქვეყნებთან სელჩუკი სულთნების ურთიერთობა, მათი თავდასხმები საქართველოზე, დამოკიდებულება ბაგრატ IV- თან, დავით აღმაშენებელთან, დემეტრე I-თან, გიორგი III-თან, თამართან და მის მემკვიდრეებთან. საინტერესოა თხზულებაში დაცული ცნობები შირვანთან და აზერბაიჯანელ ილდეღიზებთან საქართველოს დამოკიდებულების შესახებ. ჩანს, ამ დროს შირვანი საქართველოს ქვეშევრდომი ქვეყანა იყო. ალ-ჰუსაინის ცნობებს საქართველოს შესახებ იყენებენ რ. კიკნაძე, ნ. შენგელია და ზ. ბუნიატოვი[101]. საქართველოს შესახებ საყურადღებო ცნობები გვხვდება იაკუთ იბნ ´აბდ ალლაჰ ალ-ჰამავი არ-რუმის დიდ გეოგრაფიულ ლექსიკონში (1224წ.), რომელსაც, “ქითაბ მუ´ჯამუ ლ-ბულდანი” (“ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი”) ეწოდება. იაკუთი (1179 - 1229) წარმოშობით მცირეაზიელი ბერძენია, სწავლა- განათლება მიიღო ქ. ბაღდადში, წერდა არაბულად. 16წელი დაჰყო მოგზაურობაში და მოიარა ეგვიპტე, სირია, პალესტინა, მესოპოტამია, აზერბაიჯანი, შუა აზია, ირანი. იაკუთის თხზულება ძირითადად კომპილაციური ნაშრომია. ლექსიკონში შეჯამებულია ის, რაც მსოფლიო მეცნიერებას დაუგროვებია მონღოლთა შემოსევების დაწყებამდე. საქართველოს ავტორი ათავსებს მეხუთე სარტყელში (იკლიმში), რომლის ცენტრი თბილისის ახლოსაა. ლექსიკონში მოცემულია ქართველებისა და მათი ქვეყნის დახასიათება; არის ცნობები თბილისისა და მისი უბნის-სუღდაბილის, დმანისის, ხუნანის, მტკვრისა და არაბთა მიერ საქართველოს დაპყრობის შესახებ. ”ქითაბ მუ ჯამუ ლ-ბულდანის” არაბული ტექსტის სრული გამოცემა პირველად განახორციელა გერმანელმა არაბისტმა ფ. ვიუსტენფელდმა[102]. ამის შემდეგ ის კიდევ ორჯერ გამოიცა: 1906-1907 წწ. კაიროში 10 ტომად (რვა ტომი შეადგენს ლექსიკონის ძირითად ტექსტს, ხოლო ბოლო ორი ტომი წარმოადგენს მუჰამად ამინ ალ-ხარჯის მიერ შესრულებულ დამატებას) და 1955 - 1957წწ. ბეირუთში. ”ქითაბ მუՙ ჯამუ ლ-ბულდანინ არც ერთ ენაზე არაა მთლიანად თარგმნილი. 1959წ. გამოვიდა ლექსიკონის შესავალი ნაწილის ინგლისური თარგმანი წინასიტყვაობითა და ვრცელი შენიშვნებით [103]. რუსულ ენაზე ”ქითაბ მუ ჯამუ ლ-ბულდანის” ნაწყვეტები თარგმნილი აქვთ ნ. მედნიკოვს, ვ. როზენს, ო. სენკოვსკის, პ. ჟუზეს[104], ქართულად - სიხარულიძეს[105]. საქართველოს ისტორიის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს იძლევა იაკუთის თანამედროვე არაბი სიტორიკოსი იბნ ალ-ასირი. აბუ ლ-ჰასან ´ალი იბნ ალ-ქარიმ მუჰამმად იბნ მუჰამმად იბნ ´აბდ ალ - ქარიმ იბნ ´აბდ ალ- ვაჰიდ აშ-შაიბანი, რომელიც ცნობილია იბნ ალ-ასირ ალ- ჯაზირის ან მოკლედ იბნ ალ-ასირის (1160 - 1234) სახელით, დაიბადა მესოპოტამიის ქ. ჯაზირათ იბნ ´უმარში, სწავლობდა ჯერ მშობლიურ ქალაქში, შემდეგ მოსულსა და ბაღდადში. იბნ ალ-ასირი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ლაშქრობებში ჯვაროსნების წინააღმდეგ. საბოლოოდ იგი დასახლდა მოსულში და მუშაობდა ათაბეგ ნურ ად-დინ არსლან შაჰის ქათიბად (მწერლად). აქ დაინტერესდა ის პირველად მეცნიერებით. ის არის ავტორი რამდენიმე კაპიტალური ნაშრომისა, რომელთაგან ჩვენთვის ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანია ”თარიხუ ლ-ქამილ” (”დასრულებული ისტორია”). ეს არის მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულება; თხრობა იწყება სამყაროს გაჩენიდან და მოდის 1231 წლამდე. ნაშრომის დიდი ნაწილი (XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე) კომპილაციურია, თუმცა აქაც იბნ ალ-ასირი მკვლევარ ისტორიკოსად გვევლინება, ვიდრე უბრალო კომპილატორად. ის ერთი წყაროს ცნობას უდარებს სხვა წყაროების შესაბამის ცნობებს, განსხვავების შემთხვევაში ცდილობს დაადგინოს ჭეშმარიტება, ხოლო როცა ამას ვერ ახერხებს, მოაქვს განსხვავებული ადგილები წყაროს მითითებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ”თარიხუ ლ-ქამილის” ორიგინალური ნაწილი (XII ს. დასასრულისა და XIII ს. დასაწყისის ისტორია), სადაც აღწერილია მოვლენები, რომელთა მხილველი და თანამედროვე თვითონვე იყო ავტორი. თხზულების ბოლო ნაწილში აღწერილია თურქ-სელჩუკთა, თათარ-მონღოლთა და ხვარაზმელთა დაპყრობითი ომები, მათი დამოკიდებულება ქრისტიანული ქვეყნებისადმი. არც ერთ სხვა არაბულენოვან თხზულებაში არ გვეგულება საქართველოს შესახებ იმდენი და ისეთი სანდო ცნობები, რამდენიც იბნ ალ-ასირის ”თარიხუ ალ-ქამილში”. აღწერილია ქართველების პირველი ცდა თბილისის განთავისუფლებისა 1037/8 წელს და მათი მარცხი, ალფ-არსლანის ლაშქრობა [106], ქართველთა მიერ თბილისის განთავისუფლება (1122წ.), დავით აღმაშენებლის გარდაცვალება, ქართველი მეფის მიერ ანისის აღება (1161წ.), ბრძოლა შაჰარმენთან, ქართველთა მიერ არზრუმისა და დვინის დაკავება, ლაშქრობები აზერბაიჯანში (1165/ 6წ.), ხლათში, ყარსში; თამარ მეფის გარდაცვალება (1207წ.), თათარ- მონღოლთა გამოჩენა შუა აზიაში, მათ წინააღმდეგ საქართველოსა და მისი მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების კოალიციური ლაშქრობის მზადება ლაშა გიორგის ინიციატივით, მონღოლთა გამოჩენა ამიერკავკასიაში, ხვარაზმშაჰ ჯალალ ად-დინის ლაშქრობა საქართველოში. ავტორი თათარ-მონღოლი დამპყრობლების მოძულე ისტორიკოსია. ”თარიხუ ლ-ქამილის” სრული ტექსტი პირველად 1851- 1876 წლებში გამოსცა შვედმა არაბისტმა ტორნბერგმა 12 ტომად, რომელსაც დაურთო შესწორებები და საძიებლები 2 ტომად[107]. 12 ტომად დაიბეჭდა ის აგრეთვე კაიროში 1873/4და 1883/4 წლებში. იბნ ალ-ასირის ცნობები ამიერკავკასიის შესახებ რუსულ ენაზე თარგმნა პ. ჟუზემ[108] ფრაგმენტები ფრანგულად თარგმნეს დ ოსონმა[109] და დეფრემერიმ[110] რუსულად - ნ. ილმინსკიმ[111] და ვ. ტიზენჰაუზენმა[112], ხოლო იმ ცნობების ნაწილი, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, დეფრემერის ფრანგული თარგმანიდან გადმოაქართულა ივ. მაჭავარიანმა. XIII ს. 20დიან წლებში წყდება ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანა. ამიერიდან იწყება მისი საერთო დაღმავლობა, გამოწვეული თათარ-მონღოლთა ბატონობით, რომელიც თემურ ლენგის ლაშქრობების ჩავლით, XV საუკუნემდე გაგრძელდა. ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის შესასაწავლად საინტერესო ცნობების შემცველი არაბული ნარატიული წყაროა ”სითარ ას-სულტან ჯალალ ად-დინ მანკბურნი” (”სულთან ჯალალ ად-დინის ისტორია”), რომლის ავტორია ან-ნასავი. შიჰაბ ად-დინ მუჰამმად იბნ აჰმად იბნ ´ალი იბნ მუჰამმად ალ-მუნში ან ნასავი XIII საუკუნის პირველი ნახევრის თათარ-მონღოლი დამპყრობლების მოძულე მწერალი იყო, მუშაობდა ხვარაზმშაჰ ჯალალ ად-დინის კარზე ქათიბად და მოწმე იყო ყველა იმ ლაშქრობისა, რომელიც ხვარაზმელთა სახელმწიფოს ამ უკანასკნელმა გამგებელმა მოაწყო აღმოსავლეთში. ნასავის ეს თხზულება მემუარული ხასიათის ნაშრომია. მასში ვრცელი ადგილი ეთმობა ჯალალ ად-დინის ბრძოლებს ამიერკავკასიაში; დაწვრილებითაა აღწერილი გარნისის ბრძოლა, ჯალალ ად-დინის წასვლა თავრიზში 1225 წელს, საქართველოში ხვარაზმელი მარბიელი რაზმების მოქმედება, ადგილობრივი მოსახლეობის აყრა-გაქცევა, ჯალალ ად-დინის დაბრუნება საქართველოში და თბილისის აღება-აოხრება; ხლათის, ლორის, განძის,ალი-აბადისა და გაგის ბრძოლები. მართალია, ამ ამბების აღწერისას ავტორი ამჟღავნებს ტენდენციურობას - ქრისტიანებისადმი სიძულვილს, მაგრამ ეს ვერ ფარავს თხზულების, როგორც წყაროს, დიდ მნიშვნელობას. თხზულების არაბული ტექსტი 1953 წელს კაიროში დაბეჭდა ეგვიპტელმა მეცნიერმა ჰაფიზ აჰმად ჰადიმა; არსებობს აგრეთვე ო. ჰუდასის გამოცემაც[113] და შემოკლებული თარგმანები სპარსულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. 1973 წელს დაიბეჭდა ან-ნასავის თხზულების სრული თარგმანი რუსულადაც [114]. XII - XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთდერთი მნიშვნელოვანი წყაროა სიბტ იბნ ალ-ჯაუზის ”მირათ აზ-ზამან ფით არიხუ ლ- ´აიან” (”ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიაში”). შამს ად-დინ აბუ ლ-მუზზაფარ იუსეფ იბნ კაზავღლი ალ-თურქი, ცნობილი სიბტ იბნ ალ- ჯაუზის სახელით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1186 - 1257 წლებში. მისი მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულება ძირითადად კომპილაციური ხასიათისაა, დაწერილია რვა ტომად. თხრობა იწყება ქვეყნის გაჩენიდან და მთავრდება 1256 წლის ამბებით. ნაშრომი ჯერ არ არის მთლიანად გამოცემული, არც მისი სრული თარგმანი არსებობს. 1951 - 1952 წლებში ჰაიდარაბადში დაიბეჭდა ”მირათ აზ-ზამანის” მხოლოდ მე-8 ტომი ორ წიგნად[115], რომლებშიაც გადმოცემულია XII - XIII საუკუნეების ამბები. იქ არის ცნობები თბილისში ჯაფარიანთა გვარის ამოწყვეტისა და საქალაქო მმართველობის შესახებ, აღწერილია დიდგორის ომის წინ შექმნილი ვითარება, კერძოდ, ქართველთა მზადება თბილისის გასათავისუფლებლად, მაჰმადიან გამგებელთა მზადება კოალიციური ლაშქრობისათვის ქართველების წინააღმდეგ, ამ კოალიციური ლაშქრობის ჩაშლა, ქართველების უეცარი თავდასხმა მოწინააღმდეგის ბანაკზე, მაჰმადიანთა დამარცხება და დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება. სიბტ იბნ ალ-ჯაუზის ეს ცნობები დიდი ხანია სპეციალურ ლიტერატურაში. მისი ფრანგული თარგმანი გამოაქვეყნეს მ. დეფრემერიმ და მ. ბროსემ[116]. ივ. მაჭავარიანმა ისინი ფრანგულიდან ქართულად თარგმნა[117] ხოლო 1967 წელს არაბული ტექსტი ცნობისა დავით აღმაშენებლის შესახებ ქართული თარგმანითა და შენიშვნებით გამოაქვეყნა ო. ცქიტიშვილმა[118]. საქართველოს ისტორიის შესასწავლად საინტერესო ცნობების შემცველია არაბი მწერლისა და კოსმოგრაფის ზაქარია ყაზვინის ნაშრომი. ზაქარია იბნ მუჰამად ალ-ყაზვინი (1203 - 1283) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მესოპოტამიაში. მისი ”´ასარ ალ-ბილად ვა ლ-´ახბარ ალ-´იბადნ (”ქალაქების ძეგლები და ცნობები ალაჰის მონების შესახებ”) დაწერილია 1275წ. და იაკუთის დიდი გეოგრაფიული ლექსიკონის ტიპის ნაშრომია. თხზულების არაბული ტექსტი გამოცემულია სრულად [119]; ნაშრომი კომპილაციური ხასიათისაა. ავტორი არ კმაყოფილდება ქვეყნებისა და ქალაქების მარტო გეოგრაფიული აღწერილობით, არამედ იძლევა ვრცელ ისტორიულ ექსკურსებსაც, რაც ზრდის ნაშრომის ღირსებას. ზაქარიას ნაშრომში აღწერილია მდ. მტკვარი. ქ. ხლათის აღწერისას მოთხრობილია ამ ციხე-ქალაქის ხელში ჩასაგდებად ქართველების ერთდერთი უიღბლო ლაშქრობის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1208/9 წელს ივანე მხარგრძელის წინამძღოლობით. თბილისის დახასიათებისას ავტორი იძლევა ქალაქის წარმოშობის მოკლე ისტორიას, აღწერს მის გადაწვას ბუღა-თურქის მიერ, მოგვითხრობს აბანოებზე, ქალაქის მოსახლეობაზე, ვაჭრობა-ხელოსნობაზე, სავაჭრო საქონელზე, ფულზე და სხვ. [120]ზაქარიას ცნობები საქართველოს შესახებ დაბეჭდილი აქვს ო. ცქიტიშვილს[121]. საქართველოს შესახებ საინტერესო ცნობებს შეიცავს აგრეთვე აბულფიდას ცნობები: ”თაკვიმ ალ-ბულდანი” (”გეოგრაფიული ცნობარი”)და ”ალ-მუხთასარ ფი ´ახბარ ალ-ბაშარი” (”მსოფლიოს მოკლე ისტორია”). აბუ ლ-ფიდა´ ისმა´ ილ იბნ ´ალი იბნ მუჰამმად იბნ ´უმარ იბნ შანშაჰ იბნ აიუბ იმად ად-დინ ალ-აიუბა (1273 - 1331) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სირიაში, ჯერ დამასკოში, ხოლო შემდეგ ქ. ჰამაში; მონაწილეობდა ჯვაროსნებისა და თათარ- მონღოლების წინააღმდეგ ლაშქრობაში; ფეხით მოიარა ეგვიპტე, არაბეთის ნახევარკუნძული, პალესტინა, მესოპოტამია და მცირე აზია; ბევრს კითხულობდა, ზედმიწევნით იცნობდა წინამორბედ არაბ მწერალთა ნაშრომებს. ეს იყო პოეტიც, ასტრონომიც და ბოტანიკოსიც, მაგრამ მეცნიერებაში ცნობილია როგორც გეოგრაფი და ისტორიკოსი. მისი პირველი ნაშრომი ”თაკვიმ ალ- ბულდანი” დაწერილია (სრული სახით) 1321 წელს. ძირითადად ის კომპილაციური თხზულებაა. არსებობს ”თაკვიმ ალ-ბულდანის” სრული გამოცემა და თარგმანი [122]. აბუ ლ-ფიდ´ ას მეორე ნაშრომი ”ალ-მუხთასარ ფი-ახბარ ალ-ბაშარი” მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებაა, დაწერილია ხუთ ნაწილად (ტომად). მასში თხრობა იწყება ისლამის წარმოშობით და მთავრდება 1330 წლის ამბების გადმოცემით. ისიც კომპილაციური ხასიათის ნაშრომია, მაგრამ მასში ბევრი რამაა ისეთი, რაც ადრინდელ ავტორებთან არ მოიპოვება. განსაკუთრებით ძვირფას ცნობებს შეიცავს მონღოლთა ბატონობის პერიოდისათვის. ეს ისტორიული ნაშრომი იაკობ რეისკის გამოკვლევით 1789 - 1794 წლებში არაბულ-ლათინურად დაიბეჭდეს პ. სუჰმიმ და ტ. ადლერმა[123]. შემდეგ კი გამოიცა კაიროში[124]. აბუ ლ-ფიდა´ს ცნობები საქართველოს შესახებ დიდი ხანია მეცნიერულ მიმოქცევაშია. მათ ხშირად იმოწმებს მარი ბროსე მ ქართლის ცხოვრების კომენტარებშინ[125] და შ. დეფრემერი იბნ ალ-ასირის ”თარიხ ალ-ქამილის” იმ ადგილების განმარტებისას, სადაც საქართველოს შესახებაა საუბარი[126].იგივე ცნობები ქართულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ივ. მაჭავარიანმა[127] და ივ. ჯავახიშვილმა[128]. საქართველოს ისტორიისათვის ცნობები მოეპოვება აგრეთვე არაბ მწერალ- ენციკლოპედისტს შაჰაბ ად-დინ აბუ ლდ´-აბბას აჰმად იბნ ´აბდ ალ-ვაჰაბ ალ- ბაქრი ან-ნუვაირის (1279 - 1332წწ.).იგი ეგვიპტელია. 1331 წელს დაასრულა თავისი 31-ტომიანი ნაშრომი ”ნიჰაით ალ-´არაბი ფი ფუნუნ ალ-´ადაბი” (”ლიტერატურის საბოლოო მიზანი”), რომელსაც მეორენაირად ეწოდება ”მუნთაჰი ალ-´აარაბი ფი ´ალამი ალ-ადაბი”(”უაღრესად აუცილებლის ცოდნა კეთილაღმზრდელობით მეცნიერებაში”). ამ ენციკლოპედიური ტიპის ნაშრომის ნახევარი (9000გვერდი) დათმობილი აქვს ისტორიას, რომელიც მთავრდება1331წ. ამბებით. ნაშრომი კომპილაციური ხასიათისაა. მისი ხელნაწერები დაცულია სტამბოლში, კაიროში, ლეიდენში, პარიზსა და ვენაში. სრული გამოცემა არ არსებობს[129]. თხზულება მრავალმხრივ საინტერესო ძეგლია. მის ისტორიულ ნაწილში ავტორი, სხვათა შორის მოგვითხრობს 1320 წლის მაისში საქართველოს მეფის ელჩების კაიროში ჩასვლის შესახებ, მათ გამოცხადებას სულთან ან-ნასირთან ( 1293 - 1294, 1299 - 1309, 1310 - 1341), მიღების ცერემონიალს და ოქროს ურდოსა და ილხანთა ირანის ბრძოლებს, რომელთა ასპარეზი საქართველოს ტერიტორია იყო[130]. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ბრძოლების შესახებ მოგვითხრობს აგრეთვე მამლუქთა პერიოდის ეგვიპტელი მწერალი ენციკლოპედისტი შიჰაბ ად-დინ აჰმად იბნ იაჰია იბნ ფადლალლაჰ ალ-´უმარი ად- დიმაშკი (1301 - 1349), დაბადებული დამასკოში და გაზრდილი ეგვიპტეში. იგი დიდხანს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიის ქათიბის თანამდებობაზე და საშუალება ჰქონდა საარქივო მასალებს, ლიტერატურას, სულთნის კარზე მოვლენილ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს, მათი მიღებისა და მიმართვის წესებს, რის შესახებაც ის მოგვითხრობს ნაშრომში ”ათ-თა´რიფ ფი ლ- მასტალი ´აშ-შარიფნ (ნმიღებული მაღალი სტილის გაცნობან). ნაშრომი დაწერილია 1340 წლის შემდეგ, ავტორის სიცოცხლის ბოლო წლებში და შედგება შვიდი თავისაგან. პირველ თავში, სადაც ალ-´უმარი იძლევა ინსტრუქციას, თუ რომელი სახელმწიფოს მბრძანებელი რანაირად უნდა მოიხსენიონ პატივისა და ადგილის (ავტორიტეტის) მიხედვით შედგენილ ფორლიარში, სხვათა შორის, გვხვდება საქართველოს მეფეებისადმი მიმართვის ფორმულაც, რომელიც საინტერესოა საქართველოს მაშინდელი საერთაშორისო პრესტიჟის გასარკვევად და, მაშასადამე, მისი პოლიტიკური მდგომარეობის შესასწავლად. ეგვიპტის სულთნის კარზე შემუშავებული ქართველი მეფეებისადმი მიმართვის ეს ფორმულა ალ-´უმარის ნაშრომიდან უცვლელად შეიტანა XIV - XV საუკუნის ეგვიპტელმა მწერალმა ენციკლოპედისტმა შიჰაბ ად-დინ აბუ ლ -´აბბას აჰმად იბნ ´ალიმ, ანუ სხვანაირად აბუ ლ-´აბბას აჰმად შიჰაბ ად-დინ ალ-მი სრი ალ-კალკაშანდიმ (1355 - 1418) თავის 14 - ტომიან კაპიტალურ ნაშრომში ”სუბჰ ალ დ´ა´ შა ფი სინა´ ათ ალ-´ინშან(”განთიადი მობრმაოსათვის წერის ხელოვნებაში”) ნაშრომის წერა ალ- კალკაშანდიმ დაასრულა 1412 წელს, სრული სახით დაიბეჭდა 1913 - 1920წწ. კაიროში. მისი ცნობები საქართველოს შესახებ ამოკრიბა და სრულად თარგმნა ვ. ტიზენჰაუზენმა[131], ხოლო ქართველი მეფეებისადმი მიმართვის ფორმულის არაბული ტექსტი შეტანილია გ.წერეთლის არაბულ ქრესტომათიაში[132]. მისი ქართული თარგმანი დაბეჭდეს ივ. ჯავახიშვილმა, ა. მენთეშაშვილმა და სხვ. [133]. საქართველო-ეგვიპტის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული სხვა არაბი მწერლების, კერძოდ, ალ-მაკრიზის, ალ- ´აინისა და მუჯირ ად-დინ ალ-´უმარის შრომებშიც. თაკი ად-დინ აჰმად იბნ ´ალი ალ-მაკრიზის (1364 - 14442) ნაშრომებში ”ქითაბ ას-სულუქ ლიმა´რიფათ დუვალ ალ-მულუქ” (”გზა მეფეთა დინასტიების შესაცნობად:)[134] და ”ქითაბ ალ-მავა ´იზ ვა ლ-ი´ თიბარ ფი ზიქრ ალ-ხიტატ ვა ლ- ´ასარნ (”წიგნი რჩევისა და დარიგებისა კვარტალებზე და ძეგლებზე საუბრისას”)[135]საყურადღებო ცნობებია საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის XIII - XV საუკუნეებში. კერძოდ, მათში საუბარია ქართველი ელჩების გამოცხადებაზე კაიროში 1265, 1268, 1305 - 1306, 1316 - 1317 და 1329 წლებში, სულთნისათვის გაგზავნილი ქართველი მეფის საჩუქრებისა და წერილების გადაცემაზე, პალესტინის წმინდა ადგილების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებაზე ქართველი ელჩების დასაჩუქრებაზე და ქართველი მეფისათვის საპასუხო წერილის გამოგზავნასა და სხვ. ეს ცნობები უკვე კარგა ხანია შემოტანილია რუსულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში. მათ იყენებენ ა. ცაგარელი, ვ. ტიზენჰაუზენი, ივ. ჯავახიშვილი ა. მენთეშაშვილი და სხვ. მართალია, მაკრიზი ზემოდასახელებული ფაქტებისა და ამბების მომსწრე არ არის, მაგრამ მისი ცნობების სანდოობა ეჭვს არ იწვევს, რადგან ასეთივე ცნობები სხვა წყაროებშიც არის დადასტურებული. ასეთ წყაროებად ალ-მუჰიბბის, იბნ ფადლალაჰ ალ-´უმარისა და კალკაშანდის თხზულებების გარდა შეიძლება დავასახელოთ ალ-´აინისა[136] (1360 - 1451) და მუჯინ ად-დინ ალ-´უმარის [137] (გარდაიცვალა 1522წ.) ნაშრომები. თემურლენგის ლაშქრობების შესახებ სანდო ცნობებს გვაწვდის თემურის ბიოგრაფი არაბი მწერალი იბნ არაბ შაჰი. შიჰაბ ად-დინ აჰმად იბნ მუჰმად იბნ მუჰამმად იბნ ალლაჰ ად-დიმაშკი ალ- ასარი (1388 - 1450), რომელიც ცნობილია იბნ არაბ შაჰის სახელით, დაიბადა ქ. დამასკოში. 1400 წელს იგი თემურმა დაატყვევა და დიდხანს ცხოვრობდა სამარყანდში. იქ დაწერა თხზულება ”ქითაბ ´ჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ” (”თემურის საკვირველი ბედისწერის წიგნი”...), რომელშიც საქართველოსა და ქართველების შესახებ აღნიშნულია, რომ ხალხი გულკეთილია, ხოლო ქვეყანა პატარა, მაგრამ ”მოხუცი ქალის სახესავით დანაოჭებული”; საუცხოოდაა გამაგრებული ციხე-გალავნებით, მღვიმე-გამოქვაბულებით, მთებით, უფსკრულებით, ხეობებით და ამ მაცდური ბუნების გამო მტრისათვის ძნელად მისადგომია. თხზულებაში გვხვდება საინტერესო დეტალები საქართველოში თემურლენგის ლაშქრობების, კერძოდ, 1400, 1403 წლების შემოსევების, თბილისის აღების, დამპყრობთა მუხანათობისა და მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის, აგრეთვე მეფე გიორგი VII-ის თხოვნით შარვან შაჰ იბრაჰიმის შუამავლობისა თემურთან და ამ შუამავლობის შედეგად მიღწეული დაზავების შესახებ. იბნ არაბ შაჰის თხზულება 1573 წელს მთლიანად გადაწერა მუჰამმად იბნ აჰმად სუკაიკირ ად-დიმაშკიმ (გარდაიცვალა 1579წ.). თხზულება ორჯერ გამოიცა (1887 და 1937 წლებში) კაიროში, ხოლო მისი ჯ. სანდერსისეული ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლონდონში [138]. საქართველოს შესახებ მასში არსებული ცნობები ქართულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს კ. ტაბატაძემ [139]და დ. კაციტაძემ[140]. დ. სპარსული წყაროები საქართველოს ისტორიის უცხოურ წყაროთა შორის უაღრესად საპატიო ადგილი უკავია ახალ სპარსულ ენაზე (ფარსი) თარგმნილსა თუ უშუალოდ ამ ენაზე შექმნილ ძეგლებსა და თხზულებებს. ახალმა სპარსულმა ენამ XI საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერებაშიც გაიკაფა გზა და საინტერესო მწერლობიდან თანდათან განდევნა აღმოსავლეთში ადრე გაბატონებული არაბული ენა. სპარსულ წყაროებში ცნობები საქართველოს შესახებ მოიპოვება X საუკუნიდან. XII ს-ის და XIII ს-ის დასაწყისის საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროებიდან აღსანიშნავია ნაჯიბ ჰამადანისა და ანონიმი ავტორის კოსმოგრაფიულ-გეოგრაფილი თხზულებები. ნაჯიბ ჰამადანის (ცხოვრობდა XII ს-ის II ნახევარში) თხზულება ”აჯაიბ ალ- მახლუყათ ვა ღარაიბ ალ-მავჯუდათ” (მქმნილებათა საკვირველებანი და არსებულთა იშვიათობანი”) შეიცავს უმთავრესი ზღვების, მთებისა და მდინარეების, აგრეთვე მრავალი ქალაქისა და ციხის აღწერას, იქვე მოიპოვება ცნობები სხვადასხვა ტომისა და ხალხის შესახებაც[141]. ავტორს აღწერილი აქვს თბილისის ციხე, ქალაქის აბანოები; თხზულებაში გვხვდება ცნობები თბილისის მოქალაქეების შესახებაც, რასაც გარკვეული მეცნიერული ღირებულება აქვს[142]. ანონიმ ავტორს (XII - XIII სს-ის მიჯნა) ეკუთვნის ”აჯაიბ ად-დუნია” (”სამყაროს საკვირველებანი”). თხზულების ავტორი განათლებული პიროვნება ყოფილა, მოუვლია ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, სადაც იგი ჰყოლიათ ტყვედ. მან თავის თხზულებაში აღწერა საკუთარი თვალით ნანახი და პირადად განცდილი ამბები, მოიხმო დამხმარე მასალაც, რამაც განაპირობა თხზულებაში თავმოყრილ ცნობათა მაღალი ღირსება[143]. ”აჯაიბ ად-დუნია” ძალიან საინტერესო წყაროა XIII ს- ის დამდეგისა მახლობელი აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობისა და ისტორიული გეოგრაფიის შესასწავლად[144]. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თხზულებაში დამოწმებული ცნობები თბილისის შესახებ. [145] XIII - XVსს. საქართველოს ისტორიის შესახებ გაცილებით უფრო უხვსა და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის მცირე აზიის სელჩუკიან სულთანთა, ირანის მონღოლ ილხანთა, აგრეთვე თემურლენგისა და თემურიან სულთანთა კარზე შექმნილი უაღრესად მდიდარი სპარსულენოვანი საისტორიო მწერლობა. მცირე აზიის სელჩუკ მბრძანებელთა კარზე ჩამოყალიბდა და XIII - XIV საუკუნეებში საგრძნობლად მოღონიერდა სპარსულენოვანი ისტორიოგრაფიის ადგილობრივი სკოლა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იბნ- ბიბი, ”თარიხე ალე ოსმანის” ანონიმი ავტორი, აყსარაი და სხვა ისტორიკოსები იყვნენ, რომლებიც თავიანთ თხზულებებში მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორიის გადმოცემისას ხშირად მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ მეზობელი ქვეყნების ამბებსაც[146]. ნასრ ად-დინ ალ-ჰოსეინ ბენ მოჰამედ ბენ ალი ალ- ჯაფარი, ანუ იბნ-ბიბი XIII ს-ის II ნახევრის სელჩუკიან სულთანთა კარის ცნობილი ისტორიკოსი იყო. მას სპარსულ ენაზე დაწერილი აქვს საისტორიო ხასიათის თხზულება ”ქეთაბ ალ- ავამირ ალ-ალაია ფი-ლ-ომურ ალ-ალაია” (”უმაღლესი ბრძანებულებანი უდიდებულესი საქმეების შესახებ”), რომელსაც ”სელჩუკ-ნამესაც”(”სელჩუკთა წიგნი”) უწოდებენ. იგი დაწერილი უნდა იყოს XIII ს-ის 80-იან წლებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თხზულების ის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია საყურადღებო ცნობები სულთან ალა ად-დინ ქეიყობადსა (1219 - 1237) და საქართველოს მეფე რუსუდანს (1222 - 1245) შორის არსებული ურთიერთობის შესახებ XIII ს-ის 30-იან წლებში[147] მცირე აზიის სელჩუკიან სულთანთა უკანასკნელი წარმომადგენლის ალა ად-დინ ქეიყობად II-სადმია (1296 - 1300) მიძღვნილი ანონიმი ავტორის ”თარიხე ალე ოსმან” (”ოსმანთა ისტორია”), რომლის ავტორსაც უნდა ეცხოვრა XIV ს-ის I ნახევარში. თხზულება მოკლედ გვიხატავს სელჩუკთა ისტორიას. გვხვდება ცნობები თამარის (1184 - 1213) დროინდელ საქართველოს შესახებაც[148]. ქერიმ ად-დინ მაჰმუდ აყსარაის (გარდაიცვალა 1323 - 1327 წლებს შორის) ეკუთვნის მცირე აზიის სელჩუკთა ისტორიისადმი მიძღვნილი თხზულება, რომელსაც ეწოდება ”თაზქირაი აყსარაი” (”აყსარაის თაზქირე” ან ”აყსარაის სამახსოვრო”). თხზულებაში გვხვდება საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ ისტორიკოსის ცნობა რუქნ ად- დინის ჯარის რიცხვის შესახებ ბასიანის ომში[149]. სპარსული საისტორიო მწერლობის აღორძინება დაკავშირებულია ირანში მონღოლ ილხანთა მმართველობის ხანასთან (1256 - 1335). ირანის მონღოლთა მბრძანებლები დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთ ”გამარჯვებათა” და ”საგმირო საქმეთა” წარმოჩენით და მფარველობდნენ ისტორიკოსებს[150]. ამ ეპოქის ისტორიკოსთა შორის მეტად საპატიო ადგილი უკავია ალა ად-დინ ათა მალიქ ბენ ბაჰა ად-დინ მოჰამედ ჯუვეინის (1226 - 1283), რომელსაც ეკუთვნის სამტომიანი თხზულება ”თარიხე ჯაჰანგოშაი” (”ქვეყნიერების დაპყრობის ისტორია”). ავტორმა თავისი თხზულება დაასრულა 1260 წელს. იგი წარმოადგენს მონღოლთა დაპყრობითი ომების ისტორიას ჩინგიზ-ხანიდან ჰულაგუ-ხანის მიერ ისმაილიანთა ციხესიმაგრის ალამუთის აღებამდე 1258წ. ჯუვეინის თხზულებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თხრობას ამიერკავკასიის ქვეყნების შესახებ და წარმოადგენს მეტად ძვირფას წყაროს საქართველოში ხორეზმშაჰ ჯალალ ად- დინისა (1220- 1231) და მონღოლების შემოსევებთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად[151]. მონღოლთა პერიოდის ირანის ისტორიოგრაფიაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩნეული თავისი ეპოქის უდიდეს ისტორიკოსს, გამოჩენილ ექიმს, ღვთისმეტყველსა და სახელმწიფო მოღვაწეს რაშიდ ად-დინ ფაზლულაჰ იბნ აბოლხეირ ალი ჰამადინის (დაიბადა 1247წ. სულთან აბუ საიდის დროს დააბრალეს ოლჯაითუდხანის მოწამვლა და სიკვდილით დასაჯეს 1318 წ. თემურიანმა სულთან მირანშაჰმა თავრიზში შეურაცხჰყო მისი საფლავი და ცხედარი გადაატანინა სინაგოგის ეზოში ). მას ეკუთვნის მსოფლიო ისტორიის ტიპის ვრცელი საისტორიო თხზულება ”ჯამი ათ-თავარიხ” (”ისტორიათა კრებული”). რაშიდ ად-დინი თავისი თხზულების წერას შეუდგა 1300წ. ილხან ყაზან ყაენის (1295 - 1304) დავალებით, მის კარზე პირველ ვაზირად ყოფნის დროს და დაასრულა ოლჯაითუ ხანის (1304 - 1316) ყაენობისას 1311წ. იგი შედგება სამი ტომისაგან. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს თხზულების პირველი ტომი, რომელსაც ეწოდება ”თარიხე ყაზან” (”ყაზან-ყაენის ისტორია”). მასში გადმოცემულია მონღოლთა დაპყრობითი ომების ისტორია ჩინგიზ-ხანიდან მოკიდებული ყაზან ყაენის ჩათვლით. აქვე გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებაც, რომლებიც გამოირჩევა დიდი ორიგინალობით[152]. ჯერ კიდევ რაშიდ ად-დინის თხზულების გამოჩენამდე დაიწყო თავისი საისტორიო თხზულების შედგენა შეჰაბ ად-დინ აბდალაჰ იბნ ფაზლალაჰ შირაზიმ, უფრო მეტად ცნობილმა ვასაფ ალ ჰაზრათის (”მისი უდიდებულესობის მეხოტბე”) ან უბრალოდ ვასაფის სახელით (დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია), რომელიც ილხანთა საფინანსო უწყების მოხელე იყო და ოლჯაითუ ხოდაბანდეს (1304 – 1316) სულთნობისას დაწინაურდა რაშიდ ად-დინის მფარველობის წყალობით. მისი თხზულებები ”თაჯზიათ ალ-ამსარ ვა თაზჯიათ ალ-ასა” (”ქვეყნების დამიჯვნა და ეპოქათა დაყოფა”) ან როგორც უფრო ხშირად უწოდებენ ”თარიხე ვასაფ” (”ვასაფის სიტორია”), წარმოადგენს ჯუვეინის თხზულების უშუალო გაგრძელებას და მოიცავს ირანის მონღოლ მბრძანებელთა ისტორიას 1257 წლიდან 1323 წლამდე. ავტორის უაღრესად საინტერესო ცნობები მოიპოვება დასახელებული პერიოდის ირანის როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ- ეკონომიკური ისტორიის შესასწავლად. ვასაფის თხზულებაში საინტერესო ცნობები მოიპოვება აგრეთვე საქართველოს ისტორიის რიგი საკითხების შესასწავლად. ვასაფის თხზულების ფართოდ გამოყენებისას დიდად აძნელებს არაბიზმებით დამძიმებული ავტორისათვის დამახასიათებელი ღვლარჭნილი სტილი[153]. მონღოლთა პერიოდის ირანის ისტორიკოსთა შორის საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ჰამდალაჰ იბნ აბუ ბაქრ მუსთოუფი ყაზვინის (1280 - 1350). ჰამდალაჰ ყაზვინი ილხანთა კარის საფინანსო უწყების გავლენიანი მოხელე იყო. მას ეკუთვნის დიდი კოსმოგრაფიულდ გეოგრაფიული ხასიათის თხზულება ”ნოზჰათ ალ-ყოლუბ” (”გულთა სიამე”) და საისტორიო ხასიათის ”თარიხე გოზიდე”. ”ნოზჰათ ალ-ყოლუბ”, რომელიც ავტორმა დაასრულა 1340წ. ახლო ხანებში, შეიცავს მრავალ უაღრესად საინტერესო და ორიგინალურ ცნობას სხვადასხვა ქვეყნის, უპირატესად ირანისა და ამიერკავკასიის ისტორიული გეოგრაფიიდან. განსაკუთრებით საინტერესოა თხზულების მე-3 ნაწილი, რომელშიც ავტორი გვაწვდის ცნობებს ირანის, აზერბაიჯანის, არაბული ერაყისა და მცირე აზიის ქვეყნებზე გამავალი სავაჭრო გზების შესახებ. იქვე უხვად გვხვდება ცნობები აგრეთვე დასახლებული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხების შესასწავლად. თხზულებაში ცნობები საქართველოს შესახებ გამოყოფილია ცალკე თავად, რომელსაც ავტორი უწოდებს ”საქართველოსა და აფხაზეთის აღწერას”[154]. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰამდალაჰ ყაზვინის მეორე ნაშრომის ”თარიხე გოზიდე” (”რჩეული ისტორიათაგანი”). იგი წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებას, რომელიც ავტორმა დაასრულა 1330წ. და მიართვა რაშიდ ად- დინის შვილს ვაზირ ყიას ად-დინს, რომელიც ისტორიკოსს მფარველობდა მამამისის დასჯის შემდეგ. თხზულებაში თხრობა გრძელდება 1329 წლამდე. განსაკუთრებით საინტერესოა ”თარიხე გოზიდეს” IV თავის XII ნაწილი, რომელიც შეიცავს ირანის მონღოლ ილხანთა მოკლე ისტორიას. აქვეა ცნობები საქართველოს შესახებაც[155]. აღნიშნული ეპოქის საქართველოს ისტორიის შესასწავლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და დოკუმენტური ხასიათის წყაროებს, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიხსენიოთ სპარსულენოვანი წარწერა ქ. ანის მანუჩეს მეჩეთის კედელზე და რაშიდ ად-დინის ”მიმოწერა”. ანის მეჩეთის კედლის წარწერა დაკავშირებულია ჰულაგუიანთა ირანის მბრძანებლის სულთან აბუ-საიდ ბაჰადორის (1316 - 1335) სახელთან.იგი შესრულებულია 1319 - 1335 წლებს შორის და წარმოადგენს ილხანი გამგებლის ბრძანებულებას უკანონო მძიმე გადასახადებისაგან მოსახლეობის დასაცავად. წარწერის შინაარსი შუქს ჰფენს XIV ს-ის ილხანთა ირანის საშინაო ვითარებას. წარწერაში მოხსენიებულია საქართველოც[156]. რაშიდ ად-დინის ”მიმოწერა”, ანუ ”მოქათებათე რაშიდი” წარმოადგენს ისტორიკოსის მიერ თავისი შვილებისა და სხვა პირებისადმი მიწერილი და მათგან მიღებული სპეციალური წერილების კრებულს. იქვეა შეტანილი რაშიდ ად-დინის ანდერძი თავისი შვილებისადმი, რომელიც შეიცავს ილხანთა ირანის სახელმწიფოს ვრცელ ტერიტორიაზე გაფანტული მისი უზარმაზარი ქონების მოვლა დპატრონობის საკითხებთან დაკავშირებულ რჩევასა და განკარგულებებს. რაშიდ ად-დინის ”მიმოწერა” ძვირფასი დოკუმენტური წყაროა ირანსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში საგადასახადო პოლიტიკის, ვაჭრობის, მეურნეობასა და გლეხთა მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მეცნიერული შესწავლისათვის[157]. სპარსულენოვანი საისტორიო მწერლობის ახალი მძლავრი აღმავლობით აღინიშნა თემურლენგისა (1370 - 1405) და თემურიან სულთანთა (1405 - 1500) მბრძანებლობის ხანა[158].ამ ეპოქის ისტორიულ თხზულებათა მთავარი თემა იყო თემურლენგის დაპყრობითი ომების აღწერა. თემურლენგის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ უპირველეს საისტორიო თხზულებას, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, წარმოადგენს ნეზამ ად- დინ შამის ”ზაფარ-ნამე” (”გამარჯვების წიგნი”), რომელიც ავტორმა დაწერა თემურლენგის პირადი დაკვეთით 1404 წელს. ნეზამ ად-დინ შამი 1392წ. დაუკავშირდა თემურლენგს ბაღდადის აღების დროს და ამის შემდეგ გვერდიდან აღარ მოსცილებია აზიის დიდ დამპყრობელს. იგი თემურლენგს ხლებია საქართველოშიც და პირადად დასწრებია ბირთვისის ციხისათვის გამართულ ბრძოლას 1403 წელს. საფიქრებელია, რომ იგი საქართველოს შესახებ ”ზაფარ- ნამეში” მოტანილ სხვა მრავალ ცნობათა უშუალო მოწმეც იყო. ნეზამ ად-დინ შამის თხზულება ხასიათდება თემურლენგისადმი მიკერძოებით. სხვათაშორის, ეს ნაკლი მეტნაკლებად ახასიათებს ამ ეპოქის თითქმის ყველა ავტორს[159]. ნეზამ ად-დინ შამის მიერ შეგროვილი მასალა შემდეგ საფუძვლად დაედო თემურლენგის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ მომდევნო ხანის ისტორიკოსთა თხზულებებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შარაფ ად- დინ ალი იეზდის ისტორიული თხზულება, რომელსაც აგრეთვე ”ზაფარ- ნამენეწოდება. შარაფ ად-დინ ალი იეზდის ”ზაფარ-ნამე” მთლიანად დამყარებულია ნეზამ ად-დინ შამის თხზულებაზე, ოღონდ წარმოადგენს უფრო ვრცელსა და დწვრილებით ისტორიას. იგი მთლიანად ეძღვნება თემურლენგის მოღვაწეობას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და მთავრდება 1405 წლის ამბებით. ნაშრომი ავტორმა დაასრულა 1424წელს. შარაფად-დინ ალი იეზდიმ მეტად ძვირფასი ცნობები შეკრიბა იმ ქვეყნებისა და ხალხების შესახებ, სადაც ლაშქრობა მოუხდათ თემურლენგის მრავალრიცხოვან ურდოებს. ცნობები საქართველოს შესახებ გაბნეულია მთელს თხზულებაში, ხშირად აქაურ ამბებს მიძღვნილი აქვს ცალკე თავები, წიგნში თავმოყრილი ამ ხასიათის მასალა ძვირფას წყაროს წარმოადგენს საქართველოში თემურლენგის ურდოების შემოსევებთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ამ ავტორს განსაკუთრებულად ახასიათებს თემურლენგისადმი თითქმის შეუნიღბავი მიკერძოება და ამიტომაც მისი ცნობების გამოყენების დროს მკვლევარს მართებს უაღრესად დიდი სიფრთხილე. შარაფ ად-დინ ალი იეზდისათვის დამახასიათებელია აგრეთვე თხრობის მაღალი სტილი და ყურანიდან ნაწყვეტების ხშირი ხმარება, რაც მის თხზულებას ძნელად გამოსაყენებელს ხდის[160]. თემურლენგისა და მისი ლაშქრობების აღწერას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი მოინ ად-დინ ნათანზის მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებაში, რომელსაც ეწოდება ”მონთახაბ ათ-თავარიხე მოიჲნ” (”მოინ ად-დინ ნათანზის რჩეული ისტორიანი”). ავტორმა იგი დაასრულა 1414 წ. და თემურლენგის შვილიშვილს ისქანდერს მიართვა. თხზულების პირველაღმომჩენმა აკად. ვ. ბარტოლდმა მას უწოდა ისქანდერის ანონიმი და მის მიერვე ასე იხსენიებოდა სამეცნიერო ლიტერატურაში დამწერის ვინაობის გარკვევამდე. თავისი თხზულების იმ ნაწილის გასამართავად, რომელიც თემურლენგის ლაშქრობებს ასახავს, ავტორს მოუპოვებია სხვა დამატებითი წყაროებიც და ბევრი ისეთი ცნობა შეუტანია, რომლის მსგავსიც არ მოიპოვება ნეზამ ად-დინ შამის ”ზაფარ-ნამეში”. რიგ შემთხვევებშიც ავტორი თვითონ იყო თხზულებაში აღწერილი ბევრი ამბის თვითმხილველი და უშუალო მოწმე. ყოველივე ამის გამო მისი ცნობები გამოირჩევა დიდი ღირსებითა და ორიგინალობით. ნათაეზის ცნობები საქართველოს შესახებ საშუალებას იძლევა კრიტიკულად შევხედოთ თემურლენგის კარის ისტორიკოსთა ზოგ საეჭვოსა და ტენდენციურ ცნობას[161]. თემურიანთა ეპოქის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო შეჰაბ ად-დინ აბდალაჰ ბენ ლოთფალაჰ ბენ აბდ არ-რაშიდ ჰაფეზე აბრუ (გარდაიცვალა ქ. ზენჯანში 1431წ.), რომელმაც დაგვიტოვა ირანისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების გეოგრაფიული აღწერილობა, ”ზეილე ჯამი ათ-თავარიხ”, რომელიც წარმოადგენს რაშიდ ად-დინის თხზულების გაგრძელებას და ოთხი დიდი ტომისაგან შემდგარი საისტორიო ხასიათის თხზულება-ნმაჯმა ათ-თავარიხნ. ”ზეილე ჯამი ათ-თავარიხ” (”მატიანეთა კრებულის გაგრძელება”) ჰაფეზე აბრუმ დაწერა სულთან შაჰროხის (1405 - 1447) მითითებით. იგი ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მიძღვნილია ოლჯუათუ ბაჰადორისადმი, მეორეში კი გადმოცემულია აბუ-საიდის ისტორია. თხზულებაში საინტერესო ცნობები გვხვდება საქართველოს შესახებ ილხანთა ირანის ტახტზე სულთან ყაზან ყაენის ასვლის დროს ტახტის პრეტენდენტთა შორის გამართულ ცხარე ბრძოლებთან დაკავშირებით[162]. ჰაფეზე აბრუს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საისტორიო თხზულება ”მაჯმა ათ- თავარიხ” (”მატიანეთა კრებული”), ანუ როგორც სხვანაირადაც უწოდებენ ”ზუბდ ათ- თავარიხ”(”მატიანეთა ნაღები”) წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებას. თემურლენგსა და მის მემკვიდრეებს ეძღვნება ამ თხზულების მე-4 ტომი. თხრობა გრძელდება 1427 წლამდე. თემურლენგის შესახებ თხრობას საფუძვლად უდევს ნეზამ ად-დინ შამის ”ზაფარ- ნამე”, რომლის ცნობები ავტორის მიერ არის შევსებული და შესწორებული. ჰაფეზე აბრუ სარგებლობდა თემურლენგის პირადი კეთილგანწყობილებით ჭადრაკის თამაშში კარგი პარტნიორობის გამო. იგი განუყრელად თან ახლდა აზიის დიდ დამპყრობელს ომებსა და ლაშქრობებში, რამდენიმეჯერ ხლებია საქართველოშიც. ავტორის ცნობები საქართველოს შესახებ გამოირჩევა დიდი ორიგინალობითა და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცნობათა სიუხვით[163]. ჰაფეზე აბრუს გამგრძელებელი იყო ქამალ ად-დინ აბდ არ-რაზაყ სამარყანდი (1413 - 1482), რომელსაც ეკუთვნის მოზრდილი საისტორიო ხასიათის თხზულება ”მათლა ას-საყდეინ ვა მაჯმა ალ-ბაჰრეინ” (”ორი ბედნიერი მნათობის აღმობრწყინებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი”). აბდ არ-რაზაყ სამარყანდი თავისი დროისათვის განათლებული პიროვნება იყო. იგი სულთან შაჰრობის კარზე მოღვაწეობდა ჰერათში და ხშირად ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებას. შაჰროხის გარდაცვალების შესახებ ისტორიკოსი ემსახურებოდა სულთან აბუ-საიდს (1451 - 1469). მისი თხზულება მოიცავს 170-წლიანი პერიოდის ამბავთა თხრობას დაწყებული ილხანთა ირანის უკანასკნელი მონღოლი მბრძანებლის აბუ-საიდის დაბადებით და გათავებული თემურიანი აბუ-საიდის გარდაცვალებით. ავტორ ”ბნბედნიერ მნათობებად” სწორედ ეს ორი აბუ-საიდი ჰყავს ნაგულისხმევი. იგი შედგება ორი ტომისაგან. პირველი ტომი, რომელიც მთავრდება თემურლენგის გარდაცვალებით 1405 წელს, და მეორე ტომის დასაწყისი 1426 წლის ამბებამდე, წარმოადგენს ჰაფეზე აბრუს ”ზუბდ-ათ-თავარიხზე” დამყარებულ კომპილაციას, თხზულების დანარჩენი ნაწილი კი აღწერილი და მოთხრობილი ამბების თვითმხილველი და თანადამხდური ავტორის ნახელავია. ამ თხზულებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თხრობას საქართველოში თემურლენგის ლაშქრობათა შესახებ[164]. XV საუკუნის შესანიშნავი ისორიკოსი და ბიოგრაფი ფასიჰ აჰმედ ბენ ჯალალ ად-დინ მოჰამედ ხაფი, იგივე ფასიჰი ხაფი (1375 - 1442) ჩვენთვის ცნობილია ერთადერთი თხზულებით, რომელსაც ეწოდება ”მაჯმალე ფასიჰი” (”ფასიჰის კონსპექტი”) და წარმოადგენს ისტორიათა და ბიოგრაფიათა კომპენდიუმს. ფასიჰი ხაფი თემურიანთა კარის საფინანსო უწყების დაწინაურებული მოხელე იყო და ხშირად ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებას. მან თავისი თხზულება დაასრულა და სულთან შაჰროხს მიართვა 1442 წელს. იგი წარმოადგენს წლების მიხედვით შედგენილ მატიანეს. თხზულებაში თხრობა გრძელდება 1442 წლამდე. დიდი სიზუსტით გამოირჩევა ქრონოლოგია. საქართველოში თემურლენგის ლაქრობებთან დაკავშირებით ნაწარმოები შეიცავს მეტად საინტერესო ორიგინალურ ცნობებს, რომელთა მსგავსი არ გვხვდება სხვა სპარსულენოვან წყაროებში[165]. თემურიანთა ეპოქის ყველაზე ცნობილ და აღიარებულ წყაროდ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში დიდხანს ითვლება მოჰამედ ბენ ხავანდშაჰ ბენ მაჰმუდის, იგივე მირხონდის (1433 - 1498) ”როუზათ ას-საფა” (”სიწმინდის ბაღი”). მირხონდი მირ ალი შერ ნავოის (1441 - 1501) მიერ ჰერათში ჩამოყალიბებული ლიტერატურულ-მეცნიერული დასის ერთ-ერთი უწარჩინებულესი წარმომადგენელი იყო. მისი თხზულება ”როუზათ ას დსაფა” მსოფლიო ისტორიის ტიპის ნაწარმოებია და შედგება 7 ტომისაგან. თხზულებაში თხრობა იწყება სამყაროს შექმნიდან და გრძელდება ავტორის დრომდე. თხზულების მე-6 ტომი მიძღვნილია თემურლენგისა და თემურიანი მმართველებისადმი, ხოლო მე-7 ტომი იმ ეპოქას ასახავს, რომელშიც ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს თხზულება, მიუხედავად თავისი კომპილაციური ხასიათისა, რიგ შემთხვევაში მაინც ინარჩუნებს ძვირფასი პირველწყაროს ღირსებას, რადგან ვატორის მიერ გამოყენებულ მრავალრიცხოვან წყაროთა შორის ბევრი უკვე დაკარგულად ითვლება.”როუზათ ას-საფა” შეიცავს ბევრ საყურადღებო ცნობას XIV - XV საუკუნეთა საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად. ცნობები საქართველოს შესახებ თავმოყრილია ძირითადად მირხონდის თხზულების მე-6 ტომში[166]. XV ს-ის მეორე ნახევარსა და XVI ს-ის დასაწყისში მოღვაწეობდა ისტორიკოსი ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანი (1457 - 1521), რომელსაც ეკუთვნის საისტორიო თხზულება ”თარიხე ალამ არაიე ამინი” (”ამინის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია”) ან უფრო მოკლედ ”თარიხე ამინი” (”ამინის ისტორია”). იგი წარმოადგენს აყ-ყოიუნლუს თურქმანთა დინასტიის წარმომადგენელთა ისტორიას. დაწერილია 1490 - 1491 წლებში და შეიცავს საინტერესო ცნობებს საქართველოში თეთრბატკნიან თურქმენთა ლაშქრობების შესახებ

Comments

Popular posts from this blog

მუმიის დამზადება ძველი ეგვიპტე

მუმიებთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში, სადაც აღმერთებდნენ არა მუმიას, არამედ გარდაცვლილ ფარაონს.    მუმიფიცირების ჩამოყალიბება უკავშირდება ეგვიპტელების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს. მათი აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.   ვინაიდან, მუმიფიცირება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) გახლდათ, ის უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი არ იყო. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს, რომლებიც ფარაონის კარზე მსახურობდნენ. პრინციპში, ფარაონის კარზე მსახურებას არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, რადგან საკუთარი სხეული მუმიად რომ ექცია, ამისთვის მდიდარი ადამიანი უნდა ყოფილიყო კაცი!   მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მე...

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე მაკედონიის მმართველი გახლდათ. მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, ბალკანეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და სხვა მრავალ ქვეყანას. შემდეგში მას ალექ-სანდრე დიდი, იგივე ალექსანდრე მაკედონელი ეწოდა.    ალექსანდრეს აღზრდას მამამისი ფილიპე განსაკუთრებულ ყურად-ღებას უთმობდა. მან მასწავლებლად პლატონის მოსწავლე - არისტო-ტელე მოიწვია. არისტოტელე იმ დროს ყველაზე განათლებულ პიროვ-ნებად ითვლებოდა. თავად ალექსანდრე იხსენებდა: „მე არისტოტელ-ეს მამის გვერდით ვაყენებ; მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს".    შემდგომში კარგად გამოჩნდება, არისტოტელეს სწავლება, თუ რო-გორ მიეცა სიცოცხლისათვის აზრი ალექსანდრეს. ეს ნიჭი მსოფლიოს დაპყრობაში გამოადგა. როგორც მისი გამონათქვამებიდან ირკვევა, ალექსანდრე დიდებისმოყვარეობის ვნებაში იყო ჩავარდნილი. ის წერს: „მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი - ბძენთა გაოცებისა". სხვა შემთხვევაში ამბობ...