ანუბისი – გარდაცვლილთა ტურის თავიანი ღმერთი
ანუბისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია. მისი კულტი ნილოსის ცივილიზაციის უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და ცნობები ჯერ კიდევ პირველი დინასტიის პერიოდში ჩნდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძველ ეგვიპტეში ღმერთს “ანპუ” ან “ინპუ” ეწოდებოდა. ანუბისი, მხოლოდ პტოლემაიოსთა ეპოქაში, ძვ.წ. IV საუკუნეში ჩნდება. “ანპუ” ძველ ეგვიპტურიდან ითარგმნება, როგორც სამეფო ბავშვი. სავარაუდოდ, მისი სახელი ასევე შეიძლება დავუკავშიროთ სიტყვა “ინპ”-ს, რაც გახრწნას ნიშნავს. ეგვიპტელებს მრავალფეროვნება არც აქ დავიწყებიათ და ღმერთს კიდევ ერთი სახელი “ნუბ ტა ჯსერ” შეურჩიეს, რაც ითარგმნება როგორც “წმინდა მიწის მბრძანებელი”.
მიცვალებულთა მცველი ტაძრების გარეშე
ალბათ ყველას გვახსოვს გრანდიოზული ეგვიპტური ტაძრები: ლუქსორი, კარნაკი, დეირ ელ ბაჰრი, აბუ სიმბელი; მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. გახსენდებათ რომ რომელიმე მათგანი ანუბისს ეძღვნებოდეს??? პირადად მე არც ერთი. დღემდე ვერც არქეოლოგებმა მოახერხეს სადმე მიეგნოთ მისი ტაძრისათვის, თუმცა ის მაინც ყველგანაა. როგორ??? ანუბისის ტაძრები და სამყოფელი, ყოველი აკლდამა და სამარხია. მისი სახელი უძველეს მასტაბებს და სამარხებში გვხვდება, სადაც მცირე სამლოცველოებია გაკეთებული. მაგალითად, საქარას აღმოსავლეთით, ე.წ. ანუბიონში ძაღლებისა და ტურების მუმიფიცირებული სხეულები აღმოაჩინეს. ეს ადასტურებს, რომ პირველი დინასტიის მმართველობის დროს, ანუბისის კულტი ძველ ეგვიპტეში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოსირისის.
ანუბისი სეთისა და ნეფტიდას შვილი, ოსირისის ძმისშვილი და ჰორის ბიძაშვილია. მას გამოსახავდნენ ტურის თავიანი ადამიანის, ან უბრალოდ ტურის სახით. ღმერთი ყოველთვის შავ ფერებში იხატებოდა, რადგან შავი დაკავშირებული იყო განადგურებასა და შემდეგ თავიდან დაბადებასთან. ანუბისს, ასევე ნაკლებად ცნობილი ქალური განსახიერებაც ჰყავდა – ანპუტი, ქალიშვილიც სახელად კებეჰეტი.
ალბათ ყველას ანუბისის ხსენებასთან ერთად ოსირისის სამსჯავროს წარმოიდგენს. სცენას მიცვალებულთა წიგნიდან. მისი ერთ-ერთი ტიტული “სასწორის მცველია”, რადგან სწორედ ანუბისი დებდა მიცვალებულის გულს სასწორზე, სადაც თუ ცოდვებით დამძიმებული გული მაატის ბუმბულს გადაწონიდა, მაშინ სულს ურჩხული აპოპისი შთანთქავდა, თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა, მაშინ ის სამოთხეში, ოსირისის სამფლობელოში გადაინაცვლებდა.
ალბათ ყველას ანუბისის ხსენებასთან ერთად ოსირისის სამსჯავროს წარმოიდგენს. სცენას მიცვალებულთა წიგნიდან. მისი ერთ-ერთი ტიტული “სასწორის მცველია”, რადგან სწორედ ანუბისი დებდა მიცვალებულის გულს სასწორზე, სადაც თუ ცოდვებით დამძიმებული გული მაატის ბუმბულს გადაწონიდა, მაშინ სულს ურჩხული აპოპისი შთანთქავდა, თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა, მაშინ ის სამოთხეში, ოსირისის სამფლობელოში გადაინაცვლებდა.
ანუბისის მთავარი ფუნქცია ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, მიცვალებულთა სხეული ბალზამირება, მათი სულების გაცილება იმქვეყნიურ სამყაროში და აკლდამის დაცვაა. ოსირისის მითის თანახმად, სწორედ ის დაეხმარა ისიდას გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მუმიფიცირებაში. სწორედ ამიტომ, ქურუმები ბალზამირების პროცესში ტურის ნიღაბს ატარებდნენ. ყოველ ეგვიპტელს სჯეროდა, რომ სამარხების მძარცველნი ანუბისის რისხვას ვერ გაექცეოდნენ, რაგან ისინი სწორედ მის სამფლობელოში იჭრებოდნენ.
ანუბისის კულტი პტოლემაიოსების ეპოქაში ჰერმესის კულტს შეერწყა. თუ, ამ პერიოდის ქანდაკებებს შეავლებთ თვალს ამაში მაშინვე დარწმუნდებით. როდესაც, ვატიკანის მუზეუმში ანუბისისა და ჰერმესის “ჰიბრიდი” ქანდაკება ვნახე, გულგრილად შევტრიალდი და თვალი ავარიდე. აღარაფერი ეგვიპტური მას არ ჰქონდა შერჩენილი, მხოლოდ ტურის თავი. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, მე ყველაფერი მაინც ტრადიციული ეგვიპტური მირჩევნია.
Comments
Post a Comment